ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
89 წლის ელდარ შენგელაიამ ტრილოგია, რომელზედაც პანდემიის დროს იმუშავა, დაასრულა. "მრავალჟამიერ" - ასე ჰქვია ამ ტრილოგიას, რომელიც სამ ფილმს აერთიანებს - "ჭა", "სიმღერა" და "ჩიტები."
როგორც რეჟისორის მეუღლე და ფილმის პროდიუსერი, ნელი შენგელაია "პრაიმტაიმთან" ამბობს, ფილმის მესამე ნაწილში, "სიმღერაში" თამაშობენ - იმედა კახიანი, ლევან ბერიკაშვილი, მეღვინე ძმები ასკანელები...
ფილმს ფართე აუდიტორია სექტემბერში ტელევიზიით იხილავს.
"მრავალჟამიერით" ელდარი გვეუბნება, რომ უნდა ვიცხოვროთ სიკეთითა და სიყვარულით. ადამიანის ცხოვრებაში ბოროტებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ეს არის ამ ტრილოგიის სათქმელი" - ამბობს ნელი შენგელაია.
იმედა კახიანმა ელდარ შენგელაიასთან პირველად 1963 წელს, ფილმ "თეთრ ქარავანში" ითანამშრომლა. ფილმი ერთი წლის შემდეგ კანის ფესტივალზე იქნა ნაჩვენები, 55 წლის შემდეგ, 2019 წელს კი კანის ფესტივალის სექციაში - "კანის კლასიკა" აჩვენეს. კლასიკად ფესტივალმა ელდარის მეორე ფილმი - "ცისფერი მთებიც" აღიარა.
85 წლის იმედა კახიანი ელდარ შენგელაიასთან გატარებულ მეგობრულ წლებსა და ბოლო ნამუშევარზე გვესაუბრება.
იმედა კახიანი: - ელდარი, საერთოდ, მაგიჟებს. დიდი რეჟისორია, კლასიკოსია. საამაყოა მასთან მეგობრობაც და თანამშრომლობაც. კანში მას კან-კლასიკოსის წოდება ორგზის მიანიჭეს.
მაოცებს გადასაღებ მოედანზე. რეჟისორები სხვადასხვანაირად იქცევიან. ზოგს უყვარს სავარძელში ჯდომა და იქიდან ბრძანებების გაცემა. ელდარს რომ უყურებ, ვერ გაიგებ, რეჟისორია თუ მუშა. დარბის როგორც პატარა ბიჭი, გადასწევს, გადააგორებს. ეუბნებიან, არ ხარ პატარა, ნუ აკეთებ, არის მაგ საქმისთვის აქ ხალხიო. არაო, ყველაფერს თავისი ხელით აკეთებს. ამ ასაკშიც აზროვნებს საღად, სწორ რჩევებს იძლევა. შენ უნდა მოუსმინო, გადახარშო, მიიღო. ბედნიერებაა ისეთ რეჟისორთან მუშაობა, რომელსაც შეგიძლია მიენდო.
- ტრილოგიის მესამე ნაწილში მაესტრომ მღვდლის როლი მოგცათ.
- კოჯრის თავზე ვიღებდით. ფილმში მოქმედება გურიაში ხდება. გურიის ბუნებას კოჯრის მიდამოები კარგად მიესადაგა. მე ვთამაშობ მამა პეტრეს. სოფელში პირველი კაცია, აზრს ეკითხებიან. ერთ დღეს მოდის ამბავი, რომ ამ სოფლის მოსახლეობა მეზობელ სოფელში, ქორწილშია დაპატიჟებული.
ხელცარიელი ხომ არ წავალთო, მივლენ მამა პეტრესთან საკითხავად. ტრადიცია ყოფილა, ახლად შექმნილი ოჯახისთვის სიმღერა მიჰქონდათ თურმე. უმღერებდნენ და მერე ეს სიმღერა იმ ოჯახის იყო.
ერთმა თქვა, მეზობელ სოფელში ახალ სიმღერას ამუშავებენ და მოდი, მათგან მოვიპაროთ. მივიდეთ, ადგილზე მოვუსმინოთ, ვისწავლოთ და ქორწილში მივიტანოთო.
მღვდელი წინააღმდეგია, მოპარვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო. ბოლოს მოიფიქრებენ, ვისწავლოთ ეს სიმღერა, ვუმღეროთ და უკან წამოვიღოთ, ოჯახს არ დავუტოვოთო. მამა პეტრე ეტყვის, ითხოვეთ, მაგრამ პირობა დადეთ, რომ უკან დაუბრუნებთ სიმღერას.
მიდიან ქორწილში, მიაქვთ ნასწავლი სიმღერა. გზად ნახავენ, რომ ომია სოფლებს შორის. ანუ საქართველოში რაც იყო, სამაჩაბლოში, იგივე ხდება...
მივლენ არავინაა სოფელში, აფეთქების, სროლის ხმა ისმის. მამა პეტრე წინ წარუძღვება მაყრიონს. გარშემო ომია... მოდი, ვიმღეროთო, მამაო გასცემს ბრძანებას. ამღერდებიან. ბრძოლა შეჩერდება. მამაო შვილიშვილ გოგონას ეუბნება, მეომრებთან მიდი, უმღერე და მეთაური წამოიყვანეო. მღერის გოგონა, მებრძოლები გაჩერებულები არიან. ეს გოგონა მეთაურს წამოიყვანს. მათ უკან მებრძოლები წამოჰყვებიან.
ასეთი ძალა აქვს ქართულ სიმღერას. ომს აჩერებს. მტრებს არიგებს. ისეთი ფენომენი, როგორიც ქართული სიმღერაა, ბევრ ერს არ გააჩნია. "ჩაკრულო" კოსმოსში ბრმად კი არ გაიგზავნა?! გზავნილი იყო - ასე მღერიან ადამიანები დედამიწაზეო...
ფილმის კომპოზიტორი იყო ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც გადაღების დროს გარდაიცვალა. დიდებული გურული სიმღერა აქვს არჩეული, რომელსაც ამ ფილმში მოისმენთ. ფილმი ანზორის ხსოვნას მიეძღვნა.
აი, ასეა ჩემო კარგებო. ამ როლმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ომს და ბოროტებას სიკეთე ამარცხებს. საერთოდაც, ტრილოგია "მრავალჟამიერი" სიეკეთეზეა, ადამიანებზეა, როგორ უნდა თანაცხოვრობდნენ ერთმანეთთან, გული რომ არ უნდა გაუხეთქონ ერთმანეთს. ელდარს ეს ბოლო ნამუშევრები მისთვის ჩვეული იუმორით აქვს გადაღებული.
გეტყვით იმას, რომ ელდარი ნარდშია დაუნდობელი. მიგებს. ეს მთლად მეგობრობა არ არის, მაგრამ რას იზამ? ძლიერია და უნდა ვაღიარო. ორივეს გვიყვარს ნარდი. უნდა გითხრათ, რომ ნარდის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ვარ, მაგრამ მაინც მიგებს ელდარი და რა ვქნა?
ჩამოდის ჩემთან მცხეთაში, ნარდს ვთამაშობთ და მოგებული და გამარჯვებული მიდის. ნარდი საინტერესოა, როცა რაღაც ინტერესი გაქვს. ერთხელ შევთავაზე, მოდი, ათ ლარზე ვითამაშოთ-მეთქი. ვითამაშეთ და მოვუგე, მეორედაც მოვუგე. იმ მოგებულ ათ ლარს ჩუმად ნელის ვუბრუნებდი. მერე გაკვირვებულმა მკითხა, რაშია საქმე? როცა უფულოდ და უინტერესოდ ვთამაშობ, სულ ვიგებ, ამ ფულზე თამაშისას რატომ ვაგებო? მე ვუთხარი ცოტა ფულზე თამაშობ, ბევრი ფული გამოართვი ნელის, მეთამაშე და ბევრს მოიგებ-მეთქი. აი, ასე ვხუმრობთ ხოლმე.
ღმერთმა კარგად ამყოფოს და კიდევ გაგვაოცოს თავისი ნამუშევრებით...