დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
28 წლის უკრაინელი ფიტნეს-ინსტრუქტორი, ალინა გრეკი თებერვლის თვეში საქართველოში ტურისტის სტატუსით ჩამოვიდა, რამდენიმე დღეში კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. ფრენები შეიზღუდა, უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ახალგაზრდა ქალი აქ ჩარჩა. დრო უქმად არ დაუკარგავს და საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო.
ერთ-ერთ სპორტდარბაზში დაიწყო მუშაობა. დარბაზში მისულებს შეეძლოთ, სურვილის მიხედვით, ნებისმიერი ოდენობის თანხა დაეტოვებინათ. თანხას კი ალინა უკრაინაში, ომით დაზარალებულებისთვის გზავნიდა.
მას 12-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, აქედან შვიდი წელი ქროსფიტის მიმართულებით.
ალინა უკრაინის და ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა ქროსფიტში.
სამშობლოში, დაახლოებით, 1 კვირის წინ დაბრუნდა. „პრაიმტაიმმა“ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
„საქართველოში, 20 თებერვალს როგორც ტურისტი ისე ჩამოვედი. ტურისტები გუდაურში, ჩემს ნაცნობთან ჩამოვიყვანე, რათა მას სნოუბორდზე სრიალი ესწავლებინა. 8 ადამიანი ვიყავით. უკან (უკრაინაში) ვეღარ დავბრუნდით, რადგან 24-ში ცა დაკეტეს. რუსებმა კიევის ოლქი დაბომბეს და ცდილობენ მის დაკავებას.
ჩემმა მშობლებმა, რომლებიც ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხერსონის ოლქში არიან, გვითხრეს, რომ ყველაფერი ცუდადაა და არ უნდა დავბრუნებულიყავით. მე გადავურეკე რამდენიმე სამხედრო პირს, კითხვით: „რა უნდა ვქნა? როგორ მოვიქცე ასეთ სიტუაციაში?“ - მითხრეს, რომ დავრჩენილიყავი საქართველოში გაურკვეველი ვადით, უკრაინაში დაბრუნება ჯერ არ შეიძლებოდა. რეალურად იქ დაბრუნება საშიში იყო - ამას სხვა სახელს ვერ დაარქმევ.
- იგრძენით ხალხის თანადგომა საქართველოში ყოფნისას?
- დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართველებმა გულგრილად არ გაატარეს ეს ფაქტი, სხვა ვინ, თუ არა ქართველმა ხალმა კარგად იცის, რას ნიშნავს ომი, რადგან საქართველომ მრავალი ომი გამოიარა. დიდი მადლობა თქვენ.
- რას საქმიანობთ ახლა ?
- ახლა ვცდილობ, გამოვაცოცხლო ჩემი დარბაზი, რათა ადამიანებს, რომლებიც ჩემთან მუშაობდნენ, დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ. ომი სამუდამო არ არის ხომ?! ჩემი მთავარი მიზანია, შევინარჩუნო საკუთარი ბიზნესი. დავეხმარო მათ, ვისი დახმარებაც შემიძლია ახლა.
შეიძლება ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ მათ მორალურად ვეხმარები. კიევში ხერსონის ოლქიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა ლტოლვილთა ბოლო კოლონა, რომლის ნახევარიც დახვრიტეს, ნაწილი გადარჩა, ახლა მე შევიფარე გოგონა პატარა შვილთან ერთად ისევე, როგორც მე შემიფარეს საქართველოში. ვავარჯიშებ ჩემს დარბაზში რომ განიტვირთონ და არავითარ შემთხვევაში არ იგრძნობ თავი დამნაშავედ, რადგან სხვები დაიღუპნენ და ისინი გადარჩნენ.
მეც ასე ვიყავი, ზუსტად ერთი თვე საქართველოში - ჩემებს ესვრიან, მე კი ბოდიში, მაგრამ საჭმელი მაქვს, საცხოვრებელი... ახლა ვცდილობ დავეხმარო ხალხს, რომელმაც შეძლო ჩამოსვლა ხერსონიდან და ჩემს დარბაზში ვარჯიშობენ აბსოლუტურად უფასოდ, ჩემმა მეგობარმა ისინი დარბაზთან ახლოს დააბინავა. მადლობა ღმერთს, ჩვენ შევძელით და უზრუნველვყავით ტანსაცმლით, საკვებით და ნელ-ნელა, სპორტის დახმარებით, ცხოვრების ნორმალურ ტემპს უბრუნდებიან.
ერთია, 24/7-ზე იწვე საწოლში და იყო მოწყენილი და მეორე, გახვიდე, ივარჯიშო, ნეგატივი მოიშორო და ფხიზელი თავით მიიღო რაღაც გადაწყვეტილებები თუ როგორ იმოქმედო სამომავლოდ.
- როგორ არიან თქვენი მშობლები, ახერხებთ მათთან დაკავშირებას?
- მადლობა ღმერთს, პერიოდულად მაქვს საშუალება ვესაუბრო დედას, მამას... მეკითხებიან, თუ რატომ არ გამომყავს მშობლები? ავხსნი, პირველ რიგში, ხერსონის ოლქის საზღვარი სრულად გადაკეტილია. მეორე, დედაჩემი გადაურჩა სიმსივნეს და ამ პოსტოპერაციულ პერიოდში მისი გადმოყვანა კოლონებით კიდევ უფრო დიდი სტრესი იქნება. შესაძლებელია, რომ ეს მისი უკანასკნელი ჩამოსვლა იყოს. მე თავად გადასვლა არ შემიძლია, რადგან არ შემიშვებენ, საზღვარზე დგას რუსის ჯარი, თუ მაინც ეცდები, დაგვხვრეტენ.
- ყველაფერი რომ დალაგდება, დაბრუნდებით საქართველოში?
- კი, საქართველო ჩემი მეორე სახლი გახდა. საქართველოში გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. ვცხოვრობდი სასტუმროში, სადაც შემიშვეს სრულიად უფასოდ. ერთი მხრივ, მოწყენილი ვიყავი, საქართველო რომ უნდა დამეტოვებინა, რადგან უკვე ვიცოდი, როგორ უნდა მეცხოვრა, მემუშავა და ა.შ. მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება და სამშობლოში დავბრუნდი, რადგან აქ მყავს მშობლები და ჩემი ყველაფერი აქ არის.