„ეს ერთგვარი ხრიკიც იყო, რომ იქ თუნდაც ერთი ადამიანი ჩასულიყო. ჩემმა კოლეგებმა კი ფოტოების გარჩევა დაიწყეს“ - კიდევ რაში გამოგვიტყდა მზესუმზირების გავრცელებული ფოტოსესიის ავტორი

ჭელიძე

ზაქარია ჭელიძის მიერ გადაღებული მზესუმზირების ყანების თვალწარმტაცმა ფოტოებმა სოციალური ქსელი მოიცვა. ფოტოებს უამრავი გაზიარება აქვს, ბევრმა კი ამ ადგილის შესახებ, ზაქარიას ფოტოების წყალობით გაიგო.

ფოტოგრაფი „პრაიმტაიმს“ ნადარბაზევის ტბაზე გადაღებულ ყვითელ-იასამნისფერ ფოტოსესიაზე უამბობს. 

ზაქარია ჭელიძე: - მე ამ ადგილის შესახებ შერმაზანას ფოტოებისგან შევიტყვე. მასაც ბევრი გამომწერი ჰყავს, მაგრამ, მგონი, ჩემი ფოტოები უფრო მეტად გააზიარეს, არ ვიცი, რატომ, მოხდა.

პირველად ვიყავი ნადარბაზევში. დავგეგმე, წავედი და მთელი დღე დავყავი იქ. გავიცანი თემურ ფსუტური, ვინც 50 ჰექტარზე გააშენა მზესუმზირები.

აქ რატომ გადაწყვიტე ყანის დათესვა-მეთქი? ტურისტული მიზნებისთვისო და მართლა ფანტასტიკური ადგილია, თბილისთან ახლოს - სათევზაოთი, პურის ყანებით, ნაძვნარით... ადგილის პოპულარობისთვის უნდოდა და გამოუვიდა.

დილით ჩავედი და დაველოდე დროს, რადგან ყვითელი პრეტენზიულია მწვანესთან. როცა მზე ცივია, დილას, უფრო სხვა ყვითელია, ვიდრე დღის მეორე ნახევარში, როცა ჩამავალი მზე კიდევ უფრო ათბობს ყვითელს. ამ დროს რაკურსის აღება რთულია. კონტრასტულ ფერებს ვერ იღებ.

როცა მზესუმზირები დამწიფდებიან, თავებს ჩახრიან და მერე ეგეთი ზღვა აღარ არის. 

ყველა ფოტოგრაფს თავისი ხელწერა აქვს. მე როგორც ვხედავ, ისე ვაკეთებ და ვაზიარებ, მერე მოსწონთ თუ არა, მათზეა. ჩემმა კოლეგებმა დაიწყეს ფოტოების გარჩევა, ის არ უნდა იყოს და ეს არ უნდა იყოსო.

თითქოს არაფერი ნატურალური არ არის ამ ფოტოებში, მაგრამ არა მგონია, ხელოვნებას ჩარჩო და ფორმები ჰქონდეს. ჩემთვის ყვითელი, იისფერ ან ვარდისფერ ფერთან კონტრასტში იკვეთება.

ეს ერთგვარი ხრიკიც იყო, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ჩასულიყო და ეს სილამაზე ენახა.

მწერენ, შენი ფოტოების მერე, ადამიანები აფუჭებენ იქაურობასო. ფოტოების გადასაღებად თუ ჩადიან, გადასარევია, მაგრამ არა მგონია, იქაურობას ანადგურებდნენ. 

პანდემიის დროს ფოტოგრაფებმა ბევრი ისეთი ადგილი გადაიღეს და გააცნეს საზოგადოაბას, მანამდე ნანახი რომ არ გვქონდა. გორთან, ცენტრალურ გზასთან 30 მეტრში რომ დიდი ტბაა, ბევრმა იმ დროს გადაღებული ფოტოებით გაიგო. ტურისტული კუთხით ის ადგილები საინტერესო გახდა. ეს კი ფოტოგრაფებისა და ვიდეოგრაფების დამსახურებაა.

არავინ არ მავალებს  და არც ფულს მიხდის იმაში, რომ მარნეულში ჩავიდე, ყაყაჩოები გადავიღო და სხვებს გავუზიარო. მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა ის მხარე პოპულარული გახდეს, გაიცნონ კარგი კუთხით.

ამხელა ღვარძლის ფონზე, ადამიანებს ვაჩვენებთ ადგილებს, სადაც შეუძლიათ ოჯახთან ერთად განიტვირთონ და ერთი დღით მაინც ბედნიერები იყვნენ. ამ სილამაზის ნახვის შემდეგ, სახლში სულ სხვა ადამიანები დაბრუნდებიან. ეს არის. სხვა მისია არ მქონია. ბევრი პრობლემაა, მით უმეტეს პანდემიის მერე. იქიდან ჩამოსულს განწყობა ბევრს შეეცვალა. რაც მეტმა ადამიანმა ნახა და გააზიარა, კიდევ უფრო ბედნიერი ვარ.