ვინ არის ქართველი ფიზიკოსი, რომელიც NASA-ში მუშაობს? - "მისი ცოლი მხატვარი ნანა ბაღდავაძეა, ვაშინგტონში ცხოვრობენ"

ნასა

ცნობილმა დირიჟორმა, ოდისეი დიმიტრიადიმ, თითქმის საუკუნოვანი ცხოვრება განვლო და ქართულ კულტურაში ახალი საუკუნე შექმნა, დაბადებით ბათუმელი გახლდათ, ეროვნებით – ბერძენი. თავისი ისტორიული სამშობლო ძალიან უყვარდა, დიდ პატივს სცემდა, თუმცა ყოველთვის ყველგან აღნიშნავდა, რომ ბათუმელი იყო.

ოდისეი დიმიტრიადის ცხოვრების წიგნის საინტერესო ფურცლები რამდენიმე წლის წინ "სარკესთან" მისმა ქალიშვილმა, პიანისტმა ნანა დიმიტრიადიმ გაიხსენა.

საბავშვო ოპერიდან დიდ ოპერამდე

– მამაჩემი, ოდისეი დიმიტრიადი, 1908 წლის 7 ივლისს ბათუმში დაიბადა. ბაბუაჩემი ისტორიული კონსტანტინეპოლიდან იყო ჩამოსული ბათუმში. ბერძენი ქალი შეირთო და 8 შვილი შეეძინათ. მამამ 14 წლისამ საბავშვო ოპერა დაწერა, რომელიც, სამწუხაროდ, დაიკარგა.

ბათუმის რუსულ გიმნაზიაში სწავლობდა. ბერძნულადაც კარგად საუბრობდა და რუსულადაც. ქართულად საუბრის რცხვენოდა, სკოლაში დასცინეს, როცა რაღაც ქართული სიტყვა არასწორად თქვა. მას მერე ჰქონდა ქართულად საუბრის კომპლექსი და რუსულ ან ბერძნულ ენაზე ლაპარაკს ამჯობინებდა. ქართულ ენაზე დაწერილს ჩვეულებრივად კითხულობდა. 

1926 წელს სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წამოვიდა. კონსერვატორია რომ დაამთავრა, ზაქარია ფალიაშვილმა აფხაზეთში გაგზავნა. მამა იქ მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი გახდა და ორკესტრი ჩამოაყალიბა. სოხუმიდან სასწავლებლად ლენინგრადის კონსერვატორიაში გაემგზავრა. იქ მამა ძალიან დაუახლოვდა დირიჟორ ევგენი მიქელაძეს. შემდეგ, ორივე თბილისის ოპერაში დაბრუნდნენ.

მერე მამა თბილისის ოპერის მთავარი დირიჟორი გახდა და მეორე დღეს თეატრი დაიწვა. მთელი ოპერა პროფკავშირის შენობაში იყო, იმ დროს ახალგაზრდა აღარ გახლდათ, გაუჭირდა იქ მუშაობა და წამოვიდა.

ორი ქალი დირიჟორის ცხოვრებაში

– დედაჩემს, ოპერის მომღერალ ნადეჟდა ხარაძეს, პირველად კონსერვატორიაში შეხვდა. ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ. ჯერ ჩემი და დაიბადა, რომელიც წლინახევრისა გარდაიცვალა, შემდეგ მე გავჩნდი. 3 თვის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. მათი ოჯახური ცხოვრება ვერ აეწყო, ამიტომ ცხოვრება ცალ-ცალკე განაგრძეს.

ამის მერე მამამ მეორე ოჯახი შექმნა, დედა კი მე მზრდიდა. 5 წლამდე მამას არ ვიცნობდი, რადგან დედასთან გაშორების შემდეგ ჯერ სოხუმში წავიდა, მერე – ლენინგრადში. როდესაც ჩამოვიდა, პირველად მაშინ ვნახე. გულში ჩამიკრა და იმ წუთიდან ვიგრძენი მისგან სიყვარული, მამის მიმართ მეც ანალოგიური გრძნობა გამიჩნდა. მისი სიცოცხლის ბოლომდე ასე იყო. ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა.

მამა მეორედ სოხუმში ყოფნისას დაოჯახდა – ელიზავეტა სერბინაზე. მასთან და მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩემი ერთი ძმა, პარისი, დღეს ცოცხალი აღარ არის. პიანისტი იყო. 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ათენში იმყოფებოდა და ის უბედურებაც იქ შეემთხვა. მამა იმ დროს მექსიკაში გასტროლებზე იმყოფებოდა. შეატყობინეს, თქვენი ვაჟი ცუდად არისო. სასწრაფოდ გაემგზავრა საბერძნეთში. თვითმფრინავში ვიღაცას მიუსამძიმრებია და ასე გაიგო, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა.

ჩემი მეორე ძმა, ორესტი, ქიმიკოსია, თბილისში ცხოვრობს თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. მათთან ხშირად დავდივარ სტუმრად და ჩვეულებრივი დაძმობა გვაქვს. დედას ჩემი ძმები ძალიან უყვარდა, ასევე მამაჩემის მეორე მეუღლეს მე ვუყვარდი, სულ თბილად მექცეოდა.

ოდისეი თავის წიგნში ასეთ რამეს წერს – მადლობელი ვარ ჩემი ორივე მეუღლის, რომლებმაც ასეთი დიდი საქმე გააკეთეს და ჩემი შვილები ერთმანეთთან დააახლოვეს, ორივეს წინაშე ქედს ვიხრიო. ეს რომ დაწერა, მაშინ არც დედაჩემი იყო ცოცხალი და აღარც მისი მეორე ცოლი.

მამაშვილობა

– მამასთან დიდი სიახლოვე მქონდა და ამასთანავე მუსიკის სიყვარული გვაერთიანებდა. მე პროფესიით კონცერტმაისტერი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი გახლავართ. წლების განმავლობაში საკონცერტმაისტერო დაოსტატების კათედრის ხელმძღვანელი ვიყავი. მამისგან პროფესიულ რჩევებს ხშირად ვიღებდი. ეამაყებოდა, რომ მუსიკოსი გავხდი, თუმცა ერთ რამეს ხშირად მიმეორებდა – ნიჭიერი ხარ, მაგრამ ზარმაცი და გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლიაო.

ეს თვითონაც კარგად ვიცოდი, მაგრამ მეტს ვერც გავაკეთებდი. სხვა დროში მომიწია ცხოვრება. მაშინ არ მიოცნებია იმაზე, რომ ერთ დღეს საუკეთესო პიანისტი გავმხდარიყავი. უბრალოდ ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს, მისგან სიამოვნებას ვიღებდი და ეს მაკმაყოფილებდა.

რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ჩემი ქმარი ლევან თაქთაქიშვილი გახლდათ, პროფესიით ფიზიკოსი იყო, მერე კი ტელეფილმების სტუდიაში რეჟისორად მუშაობდა. ჩემი ვაჟი, ალექსანდრეც, ფიზიკოსია. უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ვაშინგტონში ცხოვრობს. ამჟამად სამეცნიერო-კვლევით ცენტრ NASA-ში მუშაობს. მისი მეუღლე მხატვარი ნანა ბაღდავაძე გახლავთ. ჩემი შვილიშვილი ლევანი და მისი ცოლ-შვილიც საცხოვრებლად ვაშინგტონში წავიდნენ.

ისტორიულ სამშობლოში

– მამის წინაპრები წარმოშობით ათენიდან იყვნენ, თუმცა მას თუ ჰკითხავდით, სადაური ხარო, გიპასუხებდათ – ბათუმელიო. საქართველო ძალიან უყვარდა. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნი გამოიცა. როდესაც წავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ საქართველო საოცრად ჰყვარებია. 

ათენის საოპერო თეატრში რომ მუშაობდა, ოჯახის წევრებიც ჩავდიოდით ხოლმე. ჩემმა ძმისშვილებმა განათლება იქ მიიღეს. პირველად ათენში 1978 წელს ჩავედი. იქაურობა ძალიან მომეწონა, ნათესავები თბილად შემხვდნენ. ისინი ძალიან შემიყვარდა და მათაც შევუყვარდი. როდესაც მამა უკვე ღრმად მოხუცი გახლდათ, ათენის მთავრობამ ბინა მისცა, რომ თავის შვილიშვილებთან ერთად ეცხოვრა.

მამა ოპერის თეატრის წინ დაასაფლავეს, თუმცა მისი დიდი სურვილი იყო, რომ დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაეკრძალათ. ბოლო პერიოდში სულ ამას იმეორებდა, ყველა ჩემი მეგობარი იქ არის და მეც იქ მინდა, ვიყოო. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი და ცოლი ვაკის სასაფლაოზე არიან დაკრძალული, მას მაინც დიდუბის პანთეონი უნდოდა.

მამაჩემის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ჯანსუღ კახიძემ საბერძნეთში წარმატებით ჩაატარა კონცერტები, რომელსაც მამაც დაესწრო. დასრულების შემდეგ, ჯანოსთვის უთქვამს, იცოდე, მინდა, დიდუბის პანთეონში დამასაფლავონ, მე რომ აქ გარდავიცვალო, მაინც იქ წამიყვანეთო. ჯანოს უთქვამს, მაესტრო, ოღონდ თქვენ ჯანმრთელად იყავით და თუკი ასეთი რამ მოხდება, მე თვითონ ჩამოგიყვანთ ათენიდან და პანთეონში დაგასაფლავებთო. ეს ამბავი თავად ჯანომ მომიყვა.

ცხოვრება უცნაურია. ყველაფერი პირიქით მოხდა, ორ წელიწადში ჯანსუღ კახიძე გარდაიცვალა და მამას დანაპირების შესრულება ვერ შეძლო. ოდისეიმ თავისი მოწაფის დაკარგვა ძალიან განიცადა…

მოკლედ, 2005 წელს, როდესაც მამა ამ ქვეყნიდან წავიდა, დიდუბის პანთეონში ადგილები აღარ იყო (ამის მერე გახსნეს ახალი ტერიტორიები). ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ოპერის ეზოში დაესაფალავებინათ და ასე სცეს მის სახელს პატივი. მამა ზაქარია ფალიაშვილის, ზურაბ ანჯაფარიძისა და ვანო სარაჯიშვილის გვერდით განისვენებს.