„ერთი ნაკაწრიც არ გაქვს, შენ მაინც გაასწარი, ჩვენს საფლავზე შესანდობარს მაინც იტყვიო..." - შინდისის გმირების გაუგონარი სიმამაცის ისტორია

shindisi

შოვის ტრაგედიამ აგვისტო კიდევ  უფრო დაამძიმა და გაუსაძლისი გახადა ჩვენთვის; ომიდან გასულ 15 წელსაც რიგიანად ვერ ვიხსენებთ; თვე, რომელმაც ოკუპანტ მეზობელთან ომში გმირები შვა და მათი სახელები საუკუნოდ შემოგვინახა;

2008 წლის აგვისტოს ომში 11 აგვისტო ერთ-ერთი უმთავრესი და საკვანძო ბრძოლის დღეა. 15 წლის წინ, სოფელ შინდისთან, გმირმა ქართველმა მებრძოლებმა, სამაგალითო თავგანწირვა აჩვენა მტერს.

რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს კი საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მათი სახელები და გვარები ყველას უნდა გვახსოვდეს: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. აქედან ორნი იყვნენ ნათლია-ნათლული. მათი ისტორია კიდე ცალკე გმირობის მაგალითია.

ბიჭები, მათ შორის მომაკვდავი რომან ზოიძე, ნათლიას, ალექსანდრე ონიანს ეხვეწებოდნენ, – ერთი ნაკაწრიც არ გაქვს, შენ მაინც გაასწარი, ჩვენს საფლავზე შესანდობარს მაინც იტყვიო, მაგრამ ალექსანდრეს მათი მიტოვება წამითაც არ უფიქრია.

უკვე ალყაში იყვნენ. ალექსანდრეს ყველა დაჭრილი ნათლულთან შეუგროვებია და მოძღვრისთვის დაურეკავს… მხოლოდ ერთი ყუმბარა ჰქონდათ დარჩენილი. “ცისფერჩაფხუტიანები” წინ მოიწევდნენ… ალექსანდრეს მომაკვდავი ნათლული ხელში აყვანილი გამოჰყავს შენობიდან. იჩოქებს. ცად ხელებაღმართულნი ხმამაღლა ლოცულობენ – “მამაო ჩვენო”… ამ დროს ონიანის ყუმბარა ფეთქდება… ნათლია-ნათლულის გმირულმა საქციელმა არაერთი ცისფერჩაფხუტიანი იმსხვერპლა…

რომანი 20 წლის იყო, ალექსანდრე 27-ის. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, კაპრალი რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

პროექტ "შინდისის" ავტორი მსახიობი ედმონდ მინაშვილია; ის ერთ-ერთი შინდისელი გმირის, მიხეილ დვალიშვილის ბავშვობის მეგობარია. მან სწორედ მეგობრის საფლავთან პირობა დადო, რომ მისი მეგობრის და ყველა მეომრის გმირობის ამბავს მსოფლიოს გააცნობდა. ასეც არის: მინაშვილის თაოსნობით და უშუალო ჩართულობით, გადაღებულია ორი დოკუმენტური და ერთი მხატვრული ფილმი “შინდისი”, გაკეთებულია მემორიალი “შინდისის გმირები”, აგებულია ტაძარი, რომლის მოხატვა მალე დასრულება; ამ სიას აგვისტოს მუზეუმიც შეემატება.... არსებობს მონუმენტი 17 გმირის გამოსახულებით.

ფილმი “შინდისი

ფილმი “შინდისი” მაყურებელს 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან დატრიალებული გაუგონარი გმირობის ამბავს უყვება. ფილმისთვის რეალური მასალები პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა შეაგროვა. ის ყველა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახში ცხოვრობდა და იწერდა ოჯახის წევრების მონათხრობებს…

ფილმში გაიცნობთ არა მხოლოდ მებრძოლ გმირებს, არამედ მოსახლეობას, რომელიც არანაკლები გმირობის ფასად ცდილობდა გადაერჩინა დაჭრილი მეომრები და ნახავთ სასულიერო პირებსაც, რომლებმაც ცხედრებთან ერთად, ცოცხლად გადარჩენილი მეომრები გააცალა ბრძოლის ტერიტორიას.

ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად ახმეტა იმ ადგილთან ახლოს ცხოვრობს, სადაც ამ ომის მძიმე ქრონიკა ვითარდებოდა. მას დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ჩუმად გაჰყავდა ტერიტორიიდან, სახლში მალავდა და უვლიდა… ვისაც ფილმი “შინდისი” ნანახი აქვს, გაგახსენდებათ, რომ ბატონი ბადრის პროტოტიპს, მსახიობი გოგა პიპინაშვილი ასახიერებს;

გოგა პიპინაშვილი “პრაიმტაიმთან” იხსენებს ფილმის გადაღების დროს დაუფლებულ მძაფრ ემოციებს.

გოგა პიპინაშვილი: – ბადრი გავიცანი, მაგრამ მე არ მსურდა პორტრეტულად მსგავსი სახე შემექმნა და კონკრეტულად ის მეთამაშა. მინდოდა მისი სახე განზოგადებულიყო, ამიტომ ფოტოგრაფიული მსგავსებისგან მაქსიმალურად შევიკავე თავი.

ახმეტა იმ ბიჭებზე თუ მეტი არა, ნაკლები გმირი ნამდვილად არ არის. რომ წარმოიდგინოთ, თავისი შესაძლებლობებით, რა მდგომარეობაში, რას აკეთებდა, როგორ ცდილობდა რუსებისთვის წინაღმდეგობა გაეწია და ეს ბიჭები გადაერჩინა, ეს სწორედ ის ჩუმი გმირობაა, რომელიც არ ჟღერდება. თავის ეროვნულ საქმეს ჩუმად აკეთებს ეს კაცი, გულშემატკივრობს თავის ქვეყანასაც, ბიჭებსაც. ეს დიდი გმირობის ტოლფასია. ასეთი შეგრძნება და თვითშეგრძნება თითოეულ მოქალაქეში უნდა არსებობდეს.

გოგა პიპინაშვილი: – ყველა ემოცია ერთად იყო ჩადებული ამ ფილმში. ასეთ ფილმში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდით, რომ ბადრის ხისტი და მშრალი სახე გაკეთებულიყო, თუმცა იქ შექმნილ გარემოში მე ემოცია მეძალებოდა. მხატვრებმა და პროიუსერებმა ისეთი ლოკაცია გააკეთეს, რომ ომის აბსოლუტური თანამონაწილე ვიყავი, ცოცხალი შეგრძნებები იყო. ამიტომ ძალიან რთული იყო თავის შეკავება.

გარშემო მოსახლეობამ, ვინც ეს ომი 2008-ში თავის თავზე იწვნია, გადაღების დროს ისევ იმ ემოციის ქვეშ იყვნენ. გადასაღებმა გარემომ მათზეც იმუშავა. იქ იყო ხანში შესული კაცი, რომელმაც ბრძოლის სცენების გადაღების დროს გადაღლილ “მეომრებს” სინით თავისი ბაღის ხილი ჩამოურიგა. ჭამეთ შვილებოო, ისეთი განცდით იყო, თითქოს მეომრებს ეფერებოდა… სინამდვილეში მსახიობებს უმასპინძლდებოდა, მაგრამ მისი დამოკიდებულება მეომრების მიმართ განწყობა იყო. 

ბადრი ხუციშვილი ინტერვიუებში ჰყვება, თუ როგორ გადაჰყავდა სახლში დაჭრილები და შემდეგ როგორ გააყოლა ისინი სასულიერო პირებს.

“ჩემთვის ძნელია ამ ისტორიის გახსენება. მე და ჩემი მეგობრები აქ შემოვიპარებოდით, ზოგი პლედში გახვეული, ზოგი ხოხვით და გაგვყავდა დაჭრილები… რომ არა პატრიარქი და სამღვდელოება, ვერც ის დაჭრილი ბიჭები გადარჩებოდნენ და ვერც – მე” – აცხადებს შინდისის მკვიდრი, ბადრი ხუციშვილი.

ედმონდ მინაშვილი: – ბატონმა ბადრიმ თავისი მისია შეასრულა, მან თავისი ბრძოლა მოუგო რუსებს. ხუთი მძიმედ დაჭრილი სამხედრო გაიყვანა და საკუთარ სახლში მალავდა. ამით ისინი გადაარჩინა.

„შინდისმა” არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორისაა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი და ჰოლივუდში აზიური ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდო.

2019 წელს „შინდისი” წარდგენილი იყო ოსკარზე, საერთაშორისო ფილმების კატეგორიაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უშვებს ღმერთი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიკვდილს - პასუხი შეკითხვაზე, რომელიც ბევრს აწუხებს

„ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია. გენო გამორჩეული, კოლორიტული ადამიანი იყო. მადლობა, რომ გამაგებინეთ" - გიორგი უშიკიშვილი სტიქიის დროს დაკარგულ გენო სულთანიშვილზე

ღვარცოფი და მდინარე „ბუბას“ სტიქიური ხასიათი უნიკალურ ფილმში, რომელიც 1930 წელსაა გადაღებული