1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. აგვისტოს ომის გმირთა მემორიალი და საფლავები, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს რუსთავის მერის მოადგილეებმა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა.
„პირველ რიგში ვუსამძიმრებ შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. დღეს აგვისტოს ომიდან 15 წელი შესრულდა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, დღეს მივაგეთ მათ ხსოვნას. სწორედ ასეთ გმირებზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მათი გმირობა და თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად, რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეები - უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე, კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი და სერჟანტი ბესიკ კაპანაძე დაიღუპნენ.
„15 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. ეს იყო უმძიმესი დღეები, ქაოსი, გაუგებრობა, შვილების ადგილსამყოფელს ვერ ვიგებდით. 10 აგვისტოს გავიგე, რომ ჯარი უკან მოდიოდა და ჩემი შვილი მათ შორის ვერ ვნახე. ნაწილში ავედი და მითხრეს, რომ ჩემი შვილი მკვდარია, მხოლოდ 21 ოქტომბერს გადმოვასვენე მუხათგვერდის სასაფლაოდან დეენემის ანალიზით. ის დღეები არასდროს დამავიწყდება და შოვის ტრაგედიამ უფრო მეტად გამიმძაფრდა ეს ტკივილი. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახს, ვიცი ეს როგორი მძიმეა, ეს მარტო მათი ტკივილი არაა, მთელი საქართველოს და ჩვენი ყველას ტკივილია“, - განაცხადა, აგვისტოს ომში დაღუპული ლევან იოსებიძის დედამ ლიანა ტერაშვილმა.
გარდაცვალების შემდეგ, რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეები - უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე, კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი, სერჟანტი ბესიკ კაპანაძე ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით იქნენ დაჯილდოებული.