ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის, მოვინახულო ყველა, ვინც ტრაგედიამ დააზარალა და ვისი მადლიერიც ვარ - კახა კალაძე

kaxa kaladze

კიდევ შევხვდები და კიდევ მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა - ეს ჩემი ვალი და ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ პირველ რიგში როგორც კაცის - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის, დევი მეზრუნიშვილის შეხვედრამ და ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი - მეგობრებო, ეს ჩემი ვალი და ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ პირველ რიგში ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის. მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ შევხვდები და კიდევ მოვინახულებ.

მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი, მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა: ექიმს, ექთანს, ყველა ადამიანს. ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რადგან გუშინ ვერ შევძელი მისი მონახულება, მაგრამ მომდევნო დღეებში აუცილებლად ვესტუმრები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, 18 ოქტომბერს კი 9 პირი დააკავა.