უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მოქალაქეებს მიმართავს, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ, რათა არ დააზიანონ როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ჯანმრთელობა.
„ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს გაცილებით უფრო კრეატიული, უფრო მისაღები და უვნებელი საშუალებებით შეგვიძლია მოვუწყოთ ფერადი და ლამაზი ახალი წელი, ვიდრე ეს იაფფასიანი, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის სახიფათო, ფსიქიკის დამაზიანებელი და არანაირი ესთეტიკური ღირებულების მქონე პიროტექნიკაა.
ის არასოდეს ყოფილა ქართული შობა-ახალი წლის დღესასწაულების შეგებების, ქართული სუფრის ტრადიციის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, მოკრძალებით გთხოვთ, რომ ის თანხა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება ერთი გასროლით ჰაერში გაფანტოთ, ვფიქრობ, სჯობს ჩვენს ირგვლივ მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, ჩვენს ახლობლებს, მეზობლებს, საყვარელ შვილებს, მშობლებს, დებსა და ძმებს მოვახმაროთ.
ეს, მართლაც დასაფასებელია და დიდი მადლი იქნება როგორც ამქვეყნად, ისე უფლის წინაშე შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, პიროტექნიკის დამაზიანებელი ქმედებები განსაკუთრებით მის სამაჟორიტარო - ძველი თბილისის რაიონზე აისახება, ვინაიდან ეს რაიონი ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა.
„თუმცა ეს არ არის მხოლოდ თბილისელების და თბილისის პრობლემა. ამ ტიპის პრობლემები მთელ საქართველოში აწუხებს ადამიანებს და ვფიქრობ, ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეგულირების საგანი უნდა გახდეს!
მართალია ცვლილებით, რომელიც წინა პარლამენტში გვაქვს მიღებული, ხმაურიანი პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობამდე სათანადოდ ვერ მივიტანეთ ეს, რაც მე, როგორც ცვლილებების თავდაპირველ ავტორს, ძალიან მაწუხებს. უნდა აღინიშნოს, რომ არც ადმინისტრირების პროცესი აღმოჩნდა ადვილი. ამიტომ, ჩვენი, „ქართული ოცნების“, გუნდის ლიდერები აქტიურად ვმუშაობთ, რომ საკითხი მხოლოდ კეთილ სურვილად არ დარჩეს, მანამდე კი ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუკი პიროტექნიკის მოხმარების თარიღები და ადგილები მკაცრად განსაზღვრული და მოქალაქეებისთვის წინასწარ ცნობილი იქნება.