არსებობს თუ არა რეინკარნაცია? - დეკანოზ ანდრია კემულარიას განმარტება

 დეკანოზი

დეკანოზი ანდრია კემულარია განმარტავს არსებობს თუ არა რეინკარნაცია.

„აცნობიერებს თუ არა ადამიანი საკუთარი სულის უკვდავებას, გულის სიღრმეში ის ხვდება, რომ სულის არსებობა არ შეიძლება შემოიფარგლოს მიწიერი ცხოვრების მოკლე სარბიელით. ჭეშმარიტებას განშორებული ადამიანი ცდილობს სულის სიღრმიდან მომავალი ეს ხმა შემოსოს კაცობრივი ბრძნობით თუ ეშმაკისეული შეგონებით შექმნილ ფილოსოფიურ ცრუსარწმუნოებრივ შეხედულებებში. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა არის რეინკარნაციის, ანუ მეტაფსიქოზის იდეა. ამ იდეის თანახმად ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ გადადის მიწიერი ცხოვრების სხვა ფორმაში - კვლავ იბადება ადამიანად, ცხოველად, მცენარედ, - იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვლო მან წინანდელი ცხოვრება, როგორ მიუახლოვდა სრულყოფილებას. მსგავს შეხედულებებს მიმდევრები ჰყავს როგორც ფილოსოფიაში (პითაგორა), ასევე სხვადასხვა რელიგიაში. რეინკარნაციას აღიარებს ინდუიზმი, ისლამის ცალკეული განშტოება (ალავიტები), თალმუდიზმის ზოგიერთი წარმომადგენელი, კაბალა. რეინკარნაციის მსგავსი იდეა არის ბუდიზმში, ოღონდ იქ საუბარია არ ადამიანის სულზე, რომელსაც ბუდიზმი არ ცნობს, არამედ ცნობიერებაზე. აქვს თუ არა მეტაფსიქოზს რამე საერთო ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან?

წმიდა წერილში არსად არ არის მინიშნება რეინკარნაციის შესაძლებლობაზე. ბიბლიის თანახმად, ადამიანის ცხოვრება უნიკალურია, არ მეორდება. მიწიერი ცხოვრების შემდეგ კი მას ელოდება მისაგებელი გატარებული ცხოვრების და სულის მდგომარეობის შესაბამისად. რეინკარნაციის იდეა უაზრობად წარმოაჩენს სასუფევლის და ჯოჯოხეთის არსებობას. მართლაც, თუ ადამიანს ძალუძს ისევ და ისევ დაბრუნება სხვა სახით და აქვს მუდმივი შესაძლებლობა გახდეს უფრო სრულყოფილი, მაშ ვინ იმკვიდრებს ჯოჯოხეთს? რისგან გვიხსნა უფალმა, თუ ჩვენ თვითონვე შეგვეძლო გამოგვესყიდა წინა ცხოვრების ცოდვები შემდეგ ცხოვრებებში? ან როდის უნდა მოხდეს ნაწინასწარმეტყველები აღსასრული სოფლისა?

მავანს უჭირს გაგება იმისა, რატომ იტანჯებიან ერთის შეხედვით უცოდველი ადამიანები, ბავშვები, და ამის ახსნას წინანდელ ცხოვრების ცოდვილობაში ეძებს.

ზოგიერთი ცდილობს დაინახოს მეტაფსიქოზის მოვლენის მტკიცებულობა წმიდა წერილში. ყველაზე ხშირად არგუმენტებად გვესმის წმიდა იოანე ნათლისმცემელზე თქმული მაცხოვრის სიტყვები: „და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს“ (მთ. 11,14) და „გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა“ (მთ. 17,12). ცნობილია, რომ უფლის დიდებით მოსვლას წინ უძღვის ელია წინასწამეტყველის მოსვლა. მაგრამ ეს დიდებით მოსვლას. ხოლო განკაცების ჟამს წინამორბედის ფუნქციას აღასრულებდა იოანე ნათლისმცემელი. ამაზე მიუთითა ანგელოზმა მართალ ზაქარიას, როცა ბრძანა: „და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული“ (ლკ. 1.17). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელია წინასწარმეტყველი ცოცხლად იქნა აღტაცებული ზეცად, რეინკარნაცია კი ერთი სიცოცხლის შემდეგ მეორეში გარდასვლას გულისხმობს, და არა ერთი სულის მიერ ორის სხეულის ერთდროულად ფლობას.

მეტაფსიქოზის იდეა იმდენად უცხოა ქრისტეანობისათვის, რომ წმიდა მამები ამ თემაზე არ წერდნენ საგანგებო შრომებს. მასზე საუბარი უფრო ბოლო დროის ინტელიგენციის ფენაში აღიძრა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან დიდი ნაწილი მიწიერ მეცნიერებებში განსწავლული, მაგრამ ქრისტესაგან განდგომილი ადამიანებისა მოიხიბლა ინდუიზმით, ბუდიზმით და ოკულტიზმით. საქართველოში ამ იდეის გავრცელებას ხელი შეუწყო შტაინერის მოძღვრების გავრცელებამაც.

ასე, რომ რეინკარნაციას არაფერი აქვს საერთო ბიბლიისეულ ჭეშმარიტებასთან. მეტიც, ეწინააღმდეგება მიწიერი ცხოვრების არსის ქრისტეანულ გააზრებას“, - განმარტავს დეკანოზი ანდრია კემულარია.