„არ ვარგა ასე ფიქრი: „დავიღალე საკუთარი ადამიანობით“. ეს არ არის პესიმიზმი, ეს სიკვდილამდე სიკვდილია“ - გია მურღულია

გია მურღულია

„ღმერთს სთხოვე და შენც შეეცადე, რომ უფლების გამოყენების შესაძლებლობა გქონდეს.
ადამიანის მთავარი (დაბადებიდან თანდაყოლილი) უფლებაა, რომ ბედნიერი იყოს – სხვათა ინტერესების დაზიანებისა და უარყოფის გარეშე“, – ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ვიცი, მაგრამ თუ ამ უფლების აღსრულების შესაძლებლობა (შესაფერისი გარემო, საკუთარი განწყობა და ძალა, შესატყვისი ცოდნა და გამოცდილება) არ მაქვს, ვერაფერს მივაღწევ და სისავსის ნაცვლად სიცარიელე დამრჩება.

ღმერთი და სამყარო მქმნიან, მაგრამ, ამაზე არანაკლებ, მეც ვქმნი საკუთარ თავს – ამას ჩემი თავისუფალი ნება განსაზღვრავს. თან ყოველდღე ვქმნი.

კარგ, გონიერ, თავისუფალ და საინტერესო ადამიანად ყოფნის კულტურას პაუზები არ უხდება. არ ვარგა ასე ფიქრი: „მე დავიღალე საკუთარი ადამიანობით“. ეს არ არის სიზარმაცე ან პესიმიზმი – ეს სიკვდილამდე სიკვდილია.

ადამიანში ღმერთის ენერგია არ უნდა დაიღალოს! სხვაგვარი განწყობა „ავნებს ხორცსა, მერმე – სულსა“ (ანუ – წუთისოფელში ცხოვრებასაც და მარადიულ ზესთასოფლურ ყოფნასაც).

არ დაღალო სიკეთე, სიყვარული, ღირსება და პასუხისმგებლობა – ისინი ქმნიან შენს ადამიანობას“, – წერს გია მურრულია სოციალურ ქსელში.