რა თქვა სასამართლოზე კაცმა, რომელმაც ცოლი სასტიკად მოკლა - გიორგი კავლელაშვილს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიორგი კავლელაშვილი

ახალი წლის დღეებში ვარკეთილში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი კავლელაშვილს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 აგვისტოს, გამოცხადდა. 

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მოკლული ქეთევან ედიბერიძის დედა და მოითხოვს განაჩენის უვადო პატიმრობით შეცვლას. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ „საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ იყო“.

„ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც პროკურორმა ისაუბრა, მოგონილი ამბებია უბრალოდ. განაჩენს სანამ გამოიტანთ, მინდა იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი”, – განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა.

პროკურატურა განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. მიიჩნევს, რომ კაცმა დანაშაული ჩაიდინა გენდერული ნიშნით, თუმცა სასამართლომ ეს არ გაიზიარა.

ცნობისთვის, 9 იანვრის ღამეს, თბილისში 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა ცივი იარაღით ჯერ 27 წლის ცოლს, ქეთევან ედიბერიძეს, მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი თავი დაიზიანა. ქალი იმავე ღამეს გარდაიცვალა კლინიკაში.

გიორგი კავლელაშვილს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).