1746733863
რა თქვა გია შომახიამ სასამართლო სხდომაზე - ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის საქმე

26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაღუპული ადამიანების ოჯახების წევრები დაიკითხნენ.
8 ოქტომბრის დეტალები სხდომათა დარბაზში გია შომახიამ გაიხსენა.
„მტვრევისგან საშინელი ხმაური ისმოდა კორპუსში… პირველი სართულიდან მოდიოდა ეს ხმები. დაახლოებით, 10 დღე. ისეთი ხმაური იყო, ბავშვებს ვეღარ ვამეცადინებდით, ტელევიზორსაც ვერ ვუყურებდით... იმ დილით არ იყო ხმაური, არც არაფერი შემიმჩნევია ბინისთვის, არც ბზარი მინახავს, არც ბათქაში ჩამოცვენილა სადმე, გავედი ბინიდან, 11 საათი იქნებოდა. უფროსი შვილი – ნიკა სკოლაში იყო, ის არ იყო დისტანციურ სწავლაზე,“ - ამბობს გია შომახია.
შეგახსენებთ, 2021 წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოიშალა. ნგრევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი პირია დაკავებული. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბინის მფლობელმა სარემონტო სამუშაოებისთვის ორი ადამიანი დაიქირავა.
„ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია,“ – წერს უწყება განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება.