ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე, ინტერპოლით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

prokuratura

პროკურატურის ცნობით, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

როგორც უწყება ამბობს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

"აღნიშნული პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი მრავალეპიზოდიანი თაღლითობის და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში იძებნებოდა.

ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მაღალ პოზიციას იკავებდა და 50-ზე მეტი პირისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის კლიენტთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციიდან ჩართული იყო ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩასადენად შექმნილი ელექტრონული პროდუქტების და სერვისების მთელი პორტფელის განაწილებასა და შემდგომ მხარდაჭერაში, რომელთა გამართულ მუშაობაზე დამოკიდებული იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობა.

დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხოლოდ ბავარიის მიწის ტერიტორიაზე მცხოვრებ, იდენტიფიცირებულ დაზარალებულთა რაოდენობა 1000 პირს აჭარბებს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობა 42 მილიონ ევროზე მეტია.

საქართველოს პროკურატურა დაკავებული პირის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს", - ნათქვამია განცხადებაში.