ქეთა მაჭარაშვილი

„დედაც მოძალადედ იქცა... ავადმყოფ ბებოზე ძალადობდნენ “ - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინა“ ახალგაზრდა ქალის, ქეთა მაჭარაშვილის შესახებ უმძიმეს ისტორიას ავრცელებს, რომელიც დედის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„ისტორიები მეორდება, თუმცა არა ადამიანები. ჩვენი ცხოვრების განვლილი გზა კინო-კადრებივით მიდის, თუმცა უკან დაბრუნებას ვერ ვახერხებთ.

ჩემი ბავშვობის კადრები შავ-თეთრი, მოძველებულ ფირზე აღბეჭდილი ფრაგმენტებია მხოლოდ.

დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც ჩემი ადგილი არასდროს იყო. ერთი პატარა სიფრიფანა, წყნარი გოგონა ვიყავი, რომელიც სიმშვიდეს და თავისუფლებას ხატვაში პოულობდა. უყვარდა კითხვა, მხოლოდ ეს პროცესი ეხმარებოდა ცოტა ხნით რეალობას გაქცეოდა და სხვა რეალობაში ეცხოვრა. უყვარდა ყვავილები, ყოველთვის ბევრი ძაღლი და ლეკვი ჰყავდა. სითბოს დანაკლისს პატარა არსებებთან ურთიერთობით და ზრუნვით ივსებდა.
ბავშვობიდან მგრძნობიარე ვიყავი, რასაც გარშემომყოფებიც აღნიშნავდნენ, რომ ზედმეტად განსხვავებული ვიყავი საკუთარი მშობლებისგან და და-ძმისგან, როგორც ვიზუალით, ისე პიროვნული თვისებებით. ჩემს ვიზუალს უსვავდნენ ხაზს, რომ ზედმეტად თეთრი ვიყავი და ზოგმა არც იცოდა, რომ მესამე შვილი ჰყავდათ .

მთელი ბავშვობა თავი სხვა პლანეტის შვილი მეგონა. მეგონა, ღმერთმა სხვა სამყაროდან გამომაძევა და სრულიად უცხო ოჯახში მოვხვდი. მეტიც, მეოთხე კლასამდე ნაშვილები მეგონა ვიყავი. ფიზიკური შრომა მიწევდა 5-6 წლის ასაკიდან, რომ ჩემი ნაშრომით მეყიდა სასკოლო ნივთები და წიგნები. “შრომას კაცი არ მოუკლავსო”თვლიდნენ, რომ ბავშვი რახან დაიბადა, თავიც თავად უნდა ირჩინოს და აქ გასაკვირი არაფერი იყო. დილის 6 საათზე მიწევდა ადგომა და ხშირად სიცხეშიც წვალება.
მუდამ დამადლება, ჩხუბი, შიში, ტირილი…

მთელი ბავშვობა მაკლდა სითბო და სიმშვიდე ოჯახში. მამა სიმთვრალეში ძალადობდა საკუთარ დედაზე და მეუღლეზე, ხშირად შვილებზეც. მისი ხელი ბევრჯერ მომახვედრია სახეში. საბოლოოდ, წლების შემდეგ, დედაც მოძალადედ იქცა და მწოლიარე და ავადმყოფ ბებოს აწამებდა, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, ამცირებდა და წიხლს აჭერდა…

საბოლოოდ, ბებო ცემაში მოკლეს.

სიცივეში ქუჩაში მძინებია და არავის გაუგია, რომ მე ასეთი ოჯახი მყავდა, ყოველთვის ვმალავდი მრცხვენოდა მათ გამო… ყოველ საღამოს ვნატრობდი მამა ნასვამი არ მოსულიყო… მეგონა ეს ჯოჯოხეთი იყო ხვედრი ჩემი და უნდა გამეძლო… დილით ღამენათევი, ნამტირალევი თვალებით სკოლაში წავსულვარ კლასში ისევ სამაგალითო უნდა ვყოფილიყავი, მე არ მქონდა ცუდი შვილობის უფლება!

ხატვა შევწყვიტე, რადგან არ მქონდა საჭირო ნივთები ელემენტარული საღებავები და ფორმატები.
დამამთავრებელ კლასში მომზადება მსურდა საგამოცდოდ, რაზეც ოჯახისგან უარი მივიღე, ფინანსური სიდუხჭირე იყო მიზეზი.

მახსოვს ჩემი პირველი გამოფენა ძველი, შემორჩენილი შპალერის ქაღალდებზე შევქმენი, სუფთა მხარეს ვიყენებდი სახატავ ტილოდ. სკოლის შემოსასვლელ დერეფანში მოეწყო ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა
ჩემი სახელი და გვარი დიდი და ფერადი არსებობით ეწერა. მაშინ ყველაზე ბედნიერი და იმედით სავსე ვიყავი.
ბოლოს და ბოლოს, ჩემი შინაგანი სამყარო ფართო საზოგადოებას წარვუდგინე. ბევრი სასიამოვნო ემოცია ვიგრძენი ჩემი მეგობრების აღფრთოვანებული თვალები და სიამაყე ჩემი ხელოვნების მასწავლებლის მზერაში …

ჩემი ოჯახიც ამაყობდა ჩემი ნიჭით და ხშირად თავსაც იწონებდნენ ხალხში ჩემი ნამუშევრებით. ხშირად გაქონდათ საჩვენებლად მეზობლებთან. დედა სკოლაში მუდამ თავაწეული მოდიოდა იცოდა, რომ კარგის მეტს ვერაფერს მოისმენდა მესამე შვილზე მშობლებელთა კრებაზე.

ცხოვრებაში ალბათ რაც კი ღირებული მერგო და გამაჩნია, ჩემი შინაგანი სამყაროა, ჩემი სულიერი მშობლების, მასწავლებლების აღზრდის და მიდგომის დამსახურებით.
სკოლა ერთი დიდი ოჯახი იყო… იდეოლოგიით, რითაც აღმზარდეს, რაც მათგან ვისწავლე დღემდე დამაქვს მათი მოწვდილი საზრდო და ვცდილობ გავაღვივო და შევმატო ჩემიც..
მახსოვს, ჩემი კლასის დადგმული თოჯინების თეატრი, ჩვენივე ხელით შექმნილი თიჯინებით .

დამრიგებელი, რომელიც დედაც იყო ჩემთვის, ყოველთვის გრძნობდა ჩემს შინაგან სამყაროს და ნიჭს. მე ზღაპრის მთხრობელი ვიყავი… სპექტაკლის ბოლოს უხვი ოვაციები და საუკეთესო პერსონაჟების შემქნელის და მსახიობის პრიზიც მერგო.

სკოლის დასრულება ბედნიერებასთან ერთად უდიდესი ტრამვაც იყო, მიწევდა ერთის მხრივ სულიერ „ოჯახთან“ დამშვიდობება და ტკივილს მეტად ამძაფრებდა უნივეტსიტეტის გარეშე დარჩენა, ეროვნულებზე ვერ გავედი, მე ვერასოდეს ვიგრძნობდი სტუდენტობით მონიჭებულ ბედნიერებას.

სამხატვრო ალადემიაში მსურდა ჩაბარება, ფსიქოლოგიის სპეციალობაც მსურდა, თუმცა ოჯახმა აქაც გვერდზე გაწია ჩემი ყველა სურვილი. მათ ცვლილების შიში ჰქონდათ მუდამ…მე თავიანთ საკუთრებად ჩამთვალეს და გამომკეტეს ნაჭუჭში.

სასულიერო სამხატვრო სკოლაში ვთხოვე მაინც გავეგზავნე, სადაც ხატწერას შევისწავლიდი, თუმცა საბოლოოდ ყველა გზა მიუწვდომელი ეჩვენებოდათ, რომ მე ქალაქში ვერ გამიშვებდნენ…

ნაცნობის დაყოლიებით, საბოლოოდ ოქტომბრის თვისთვის საბუთები კერძო კოლეჯში შემატანიეს ჩვენსავე რაიონში ფარმაციის განხრით. (თბილისში როგორ მაცხოვრებდნენ)
ახალი მიზანი დავისახე და კოლეჯში საუკეთესო ნიშნები მყავდა პირველ კურსზე შემართებით და ბეჯითად ვსწავლობდი. მსურდა ჩემი თავის რეალიზება ამ სფეროში მაინც მომეხდინა .

ხატვის და შემოქმედებითობის უსაზღვრო ნიჭი ოთახის ძველ კარადაში რომელიღაც თაროზე შემოვდე. ჩემი ყველა ოცნება, ფერადი მომავლისა და თავისუფლებისა…

სრულიად ახალი, სუფთა ფურცლიდან უნდა დამეწერა ჩემი წიგნი…

მეორე კურსზე ვიყავი, როცა ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა.
9 მარტი დღე, რომელმაც უდიდესი ბედნიერება და უდიდესი ტკივილიც მაპოვნინა. 5 წლის უკან, გოგონა, რომელიც ყველაზე ნაზი, კეთილი და მეამიტი იყო სიყვარული იპოვნა. ჩვენ პირველივე დანახვისას ვიგრძენით რაღაც უცნაური. ერთი ხელის ჩამორთმევა საკმარისი აღმოჩნდა იმ ნაპერწკლისთვის, რომელიც ჩვენში გაღვივდა. ჩვენი პირველი მზერა, გულების ცემა, ცეკვა და ღიმილი …

იმ საღამოს მე ისე წავედი, რომ არც კი დავემშვიდობე… არც იცოდა, ვინ ვიყავი,
არც მე, მისი სახელიც კი არ ვიცოდი, თუმცა ბედისწერას ვერსად გავექეცი მაინც ყველა გზა მონახა რომ ვეპოვნე.

იმ ღამესვე ჩემი ნომერიც გაიგო და მისამართიც. სასწავლებლიდან დაბრუნებულს ვიღაც რეკავდა უცხო ნომრიდან. რატომღაც არ ვუპასუხე და გავთიშე. რამოდენიმე წუთში შეტყობინებას მწერდა, რომ ჩემი დაქალის კურსელი იყო, რომელიც საღამოს გავიცანი, თუმცა როცა ვუპასუხე, სხვა რეალობა დამხვდა. მამაკაცის ხმა მესმის .ის მირეკავდა და დანაშაულის გამოსწორებას მთხოვდა რომ ასე როგორ წავედი და გავქრი “დანაშაულს ახლავე გამოისყიდი ჩვენთან ერთად წამოხვალ პიკნიკზე “
უარი ვერც ვუთხარი, მომაკითხა თავის კურსელთან ერთად და პარკში მიმიყვანეს, სადაც ნაცნობი გარემო დამხვდა.
ყველა დავახლოვდით სასიამოვნოდ გავატარეთ დღე.
ჩვენი ურთიერთობა დაიწყო იმ წამიდან, მისი თითეული მზერა, სიტყვა ჩემსკენ იყო მომართული -“ მე ვინც მენატრებოდა ეხლა გვერდით მყავს”… დაინტერსედა ზედმეტადაც კი ჩემი ცხოვრებით როგორც ხდება, აინტერესებდა ასაკი და იყო თუ არა ჩემს ცხოვრებაში ვინმე. მისი დამაჯერებელი ტონი -“მე მინდა რომ მხოლოდ მე მწერდე და ჩემს ზარებს ყოველთვის პასუხობდე!”

-“ვიცი რომ ბევრს მოსწონხარ და მომწონს უცხო ზარებსაც რომ არ პასუხობ, ალბათ ბევრი გაწუხებს?!”
მე იმ მომენტში არაფრის ახსნა დამიწყია გარდა იმისა, რომ ვუთხარი არავის ვწერდი .

სახლამდე მიმაცილეს. სულ რამოდენიმე დღეში მიცხადებს რომ ვუყვარვარ. პირველივე დანახვისას, უცნაური და სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა და ჩემი გაუფრთხილებელი წასვლა მოსვენებას არ აძლევდა. მე დისტანცია დავიჭირე, რადგან ჩემ თავსაც კი არ ვუმხელდი, რომ მიყვარდა. მიზიდავდა უზომოდ! მისი ხმა, მისი უცნაური ფერის თვალები, მისი თითები, თითეული ნაკვთი…

მე მეგობრების ხელი გავუწოდე მეტს ვერაფერს დაგპირდებითქო.

,,მეგობრად ვერასოდეს ჩაგთვლი, რადგან უკვე მიყვარხარ და არაფერი ეშველება ამას, მაშინ შენი ცხოვრებიდან გავქრები!”თუმცა არსადაც არ გამქრალა. ბოლომდე იბრძოლა ჩემს მოსაპოვებლად. სულ ჩემს გარემოცვაში ტრიალებდა. საძმაკაცოში ჩემზე საუბრობდა, რომ მისი სიყვარული ვიყავი. ყველა ბიჭი მეგობარი თუ კლასელი ჩამომაშორა.
ერთ-ერთ საღამოზე მისი კურსელის დაბადების დღეზე გაჟღერდა რომ შეყვარებულები ვიყავით.
ბავშვობის ძმაკაცებიც კი შორიდან ყველა მცნობდა რომ ზედმეტი არავის არაფერი ეთქვა. ყოველთვის ამაყობდა ჩემი არსებობით და რაც მთავარია უზომოდ ბედნიერი იყო, რომ მიპოვნა.
ჩემ შინაგან სამყაროში შეაღწია და მის გარეშე სუნთქვაც კი მიჭირდა.

ფიქრობდა რომ უკვე იმ ეტაპზე ვიყავით, რომ ჩვენ შორის სიცარიელე და არანაირი დაბრკოლება აღარ უნდა ყოფილიყო , თუმცა მე მზად არ ვიყავი ამ ყველაფრისთვის … მსაყვედურობდა,
რომ არ ვენდობოდი ან სულაც რამეს ვუმალავდი და ქალიშვილი არ ვიყავი და თავს ამ მიზეზით ვიკავებდი ..

ჩემთვის შოკი იყო და უდიდესი დარტყმა საყვარელი ადამიანისგან ამის მოსმენა.
მას ჩემი გაგება არ სურდა . სახლში ატირებული დავბრუნდი “ხაზეიკასთან”. ჩვენი ურთიერთობა არავისთვის ყოფილა უცხო, ყველამ იცოდა, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, აქამდეც არაერთხელ ვუნახივარ ანერვიულებული მის გამო, მაგრამ მტირალი არასდროს. მიხვდა, რომ მან მაწყენინა და სასწრაფოდ დაურეკა და დაიბარა სახლში.
მანამდეც ხშირად მოდიოდა ჩვენთან და კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
ვტიროდი გაუჩერებლად, ვერ ვიჯერებდი, რომ სიყვარული ეს იყო, მტკიოდა შიგნიდან ყველაფერი.
საბოლოოდ მოვიდა ოთახში შემოვიდა და ცრემლიანი სახე შემიმშრალა და მთხოვა აღარასდროს მეტირა…გულში ჩამიკრა -“მაპატიე გთხოვ არ მეგონა ესე ძლიერ თუ გიყვარდი აღარასდროს გეტყვი ამ სისულელეებს”…
ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოგვედგინა…

…საშინელი ღამე. . . ჩემი ხელები ეჭირა, მაგრად მიჭერდა იმ მომენტში ყველაფერი, რაც კი ფაქიზი და წმინდა გამაჩნდა, გათელა… დამისაკუთრა, ამით დაიკმაყოფილა ცხოველური ჟინი, მიმისაკუთრა ეგონა… ვუმეორებდი ეს არის სიყვარული ? ეს არის მხოლოდ ჩვენი სიყვარული? მიმეორებდა, რომ ვუყვარდი და არასოდეს დამტოვებდა არაფრის გამო …

სიტყვა “ძალადობა“ ჩემთვის სრულიად უცნობი თან ნაცნობი იყო, მაგრამ როცა ესე პირისპირ ჩავხედე თვალებში, ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ ძალადობა მხოლოდ ეს არ იყო.…
მხოლოდ მაშინ დავინახე, მისი რეალური სახე უკეთ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ფაქიზი არსება გამოჩნდა.
-“სხეულში ჩვენი პატარას მოძრაობას ვგრძნობ “

ვიცოდი, რომ არ იყო ამ ყველაფრისთვის მზად. მისი პირველი სიტყვები :”ჩემი შვილი”, თუმცა თითქოს არ სჯეროდა და მთხოვდა შეხვედრას, რომ დარწმუნებულიყო . მე არ ვნახულობდი. ვიცოდი, რომ ჩვენ პატარას წამართმევდა. რას აპირებო? სულ მეკითხებოდა, როცა მიხვდა, რომ ბავშვის გაჩენას ვაპირებდი, დაჟინებით მთხოვდა შეხვედრას, რომ დავერწმუნებინე - “ეს პატარა ხომ ჩემი შვილიც არის, უნდა დავილაპარაკოთ! “

ხალხის აზრმა და შიშმა საკუთარ შვილზე საბოლოოდ უარი ათქმევინა….

რაღაც დროის შემდეგ ვნახე და როცა დარწმუნდა რომ მუცლით მის შვილს ვატარებდი მითხრა, რომ მამობას ვერ შეძლებდა რომ პამპერსის ფულიც კი არ აქვს და ამ სიტუაციაში შვილი რათ გვინდოდა “ხალხი რას იტყვის ახლა რომ გააჩინო? ჭორაობას დაიწყებენ, ჯერ ძალიან პატარა ხარ , რათ გინდა ჯერ სწავლობ, ცხოვრება წინ გაქვს, შვილი კიდევ გეყოლება, უნდა მოიშორო, ნუ გეშინია, არ გეტკინება…ხვალ წავალთ ექიმთან მოემზადე !”

ჩემს ადგილას ყველა გოგონას ისე მოექცეოდა ამ შემთხვევაში მე აღმოჩნდი… ისიც და მისი ოჯახის თითოეული წევრი ან უარესადაც ….

ჩემი ერთადერთი დანაშაული თუ ის იყო, რომ ვენდე მას ვინც სიგიჟემდე მიყვარდა
მზად ვარ მთელი ცხოვრება დანაშაულით ვიცხოვრო.

პირველივე წამიდან მიყვარდა არსება, რომელიც ჩემში ცოცხლობდა...

ჩვენი სიყვარულის ნაყოფი გაღვივდა და ჩემს გოგონაში გაბრწყინდა.
მისი სურნელი, კანი, თითები, თვალები ისევ ჩემთანაა…

ოთხი წელია მარტოხელა დედა მქვია…
ბევრი სიმწარე, მარცხი, ცრემლი მიყლაპია.
მე სამყარომ არ დამინდო, არც ადამიანებმა, მაგრამ ღმერთმა არასოდეს დამტოვა!!
ჩემი გოგონას არსებობა მხოლოდ უფალს და მე მსურდა !
მე არ მქონდა დედობის უფლება, ხოლო ჩემს გოგონას კი სიცოცხლის …

მისმა ოჯახისწევრებმა იცოდნენ ყოველივე და მათი ჩარევით და მისი დის დაჟინებული მოთხოვნით მოძებნა კლინიკა, სადაც წინასწარ შეუთანხმდნენ ექიმს აბორტზე.
ორსულს ოჯახში როგორ მიმიღებდნენ, ამ ლაქას როგორ ჩამოურეცხდნენ?!
თუმცა არც აბორტის შემდეგ მიმიღებდნენ ოჯახში, ცხოვრების დამახინჯება და ჩემი სიკვდილიც არ აღელვებდათ

რაღაც პერიოდი რიგში მოგვიწია დგომა.

მასზეც ცუდად მოქმედებდა არსებული ატმოსფერო. მთხოვა, რომ ცოტა ხნით გარეთ გავიდოდა და დაბრუნდებოდა. ფული მომცა და თბილად დამიწყო დარიგება, რომ ექიმი თუ დამიწყებს გადარწმუნებას, არ დავუჯერო, რომ ჩვენთვის ესე უკეთესია! თავად გავიდა და მანქანაში დაგელოდებიო. მარტო დაგვტოვა.. დაგვტოვა მე და ჩემი მუცლადმყოფი არსება,რომელიც ჩვენი მთლიანობა და სიყვარულის ნაყოფი იყო. მე არავის ვცემდი პასუხს, გარდა იმისა, რომ ჩემ ექიმთან ვიყავი და მის გარდა, არავის არსად წავყვებოდი და მეშვებოდნენ. ექოსკოპიის რიგში დიდი მუცლით დედები იყვნენ ბედნიერი სახეებით გახარებულები კარგის მოლოდინით.. მალე შვილს ჩაიკრავდნენ გულში. მეც ოცნებებში და ფიქრებში წარმოვიდგენდი, როგორი დედიკო ვიქნებოდი დიდი მუცლით. მუცელი ჯერ არც კი მეტყობოდა. როგორც ექოსკოპიაზე მითხრა ექიმმა, მეხუთე თვეში ვიყავი და ჯანმრთელი გოგონა გვეყოლებოდა. ყველაზე ამაღელვებელი იყო მისი გულისცემის მოსმენა. ერთი სული მქონდა, გავსულიყავი და მისთვის მეხარებინა, რომ გოგონას მამა გახდებოდა და პატარა გოგო გვეყოლებოდა. ექიმისთვის არც მითქვამს. ექიმი უკვე გაფრთხულრბული ჰყავდა ოჯახს, უნდა გაეკეთებინა აბორტი, თუმცა მან მე მომისმინა. აბორტი ისედაც დაგვიანებული იყო.გავედი გარეთ და როცა ავუხსენი მდგომარეობა, ჩემ შვილს ვერასოდეს გავწირავდი საუბარი არც კი დამაცადა,მინდოდა მეთქვა ჩვენ მალე გოგონა გვეყოლებოდა. სიკვდილს მხოლოდ ჩემ შვილთან ერთად შევეგუებოდი და მის გარეშე ვერ ვისუნთქებდი. უბრალოდ მკითხა, ფული რამდენი დამრჩა ტაქსისთვის უნდა გადაეხადა და დადუმდა მხოლოდ ეს იყო ბოლო სიტყვები.

მან ჩვენ დაგვტოვა და წავიდა. იმ დღის შემდეგ, სიკვდილიც მინატრია, მაგრამ ისევ მუცლადმყოფმა არსებამ მომცა გამძლეობა, რწმენა და იმედი. ჩემმა ოჯახმა ტრაგედიად მიიღო ჩემი ორსულობა და ბავშვის მოშორება მათაც სცადეს უკვე დიდი ნაყოფის დედა მეხებოდა ფიზიკურად ჩემი და მამცირებდა და “ბო*ს” დამძახოდა.
ყველამ ზურგი მაქცია …

საკუთარმა დედამ არ დაბადებულ ბავშვზე "როგორც კი მოევლინება სამყაროს, გავყიდით ან გავაშვილებთ”..
ეს სიტყვები გაიმეტა მხოლოდ. ხალხს თვალებში ვერ შეხედავდა ჩემ გამო სრცხვენოდა საკუთარი და მემუქრებოდა -“წიხლით შეგდგები და მოგიკლავ შვილს, რომც დაიბადოს, მოვგუდავ.

შენ გამო მე სახელი გამიფუჭფდა, შენი ძმა ცოლს ვეღარ მოიყვანს!
შენ ლაფი დაგვასხი თავზე “.

წავედი სახლიდან, რადგან ყველასთვის არასასურველი შვილი ვიყავი, მათგან შორს ვიყავი, თუმცა სულ ცდილობდნენ, ზიანი მოეყენებინათ როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური.
საკუთარი მამიდა, დედა, და ცხოველად მთვლიდნენ 8 თვის ორსულს ხელით შემეხო დედა, რადგან აბორტის გასაკეთებლად არ გავყევი მამიდას, როცა საკუთარი შვილი მიყვარდა უკვე წარმოდგენილი მყავდა და მის ხელში აყვანაზე ვოცნებობდი მის წართმევას კვლავ ცდილობდნენ.

მოდიოდნენ და მატირებდნენ, მამცირებდნენ, და ალბათ ერჩივნათ მომკვდარიყავი, ვიდრე ჩემი გოგონა დაბადებულიყო. მთელი ეს ორსულობა ჩხუბი და წნეხი იყო ჩემზე, არავინ ცდილობდა ჩემს დაცვას პირიქით, მეტსაც ვიმსახურებდი თვლიდნენ ერთადერთი ადამიანი ვინც დამიცვა, ჩემი დეიდაშვილი იყო, მამაც ცდილობდა. მე რომ რამე მომსვლიდა, პასუხს აგებდნენ. დეიდაშვილი დაემუქრა პოლიციით, თუ მე ზიანს კიდევ რაიმეთი მომაყენებდა, როგორც მამიდა, ისე დანარჩენები.

მეშინოდა, რომ ჩემ შვილს მომპარავდენენ ამ რამეს დაუშავებდნენ, როცა დაიბადებოდა. მეშინოდა, რომ ჩემს გოგონას გულში ვერასოდეს ჩავიკრავდი . მთელი ეს თვეები ჩახუტება მენატრებოდა ადამიანის.
ვინმეს ერთი თბილი სიტყვა ეთქვა. მხოლოდ ჩემი პატარა მეფერებოდა შიგნიდან და მეუბნებოდა -
“ცოტაც გაუძელი დედიკო “… ტელეფონზე ხშირად რეკავდა დედაჩემი დეიდასთან და ერთ-ერთ საუბარში მოვკარი ყური, რომ ჩემი შვილის მამასთან რეკავდა ჩემი და და დედა. ემუქრებოდნენ, თუ ბავშვს არ წავიყვანდა, დაბადების შემდეგ გაყიდნენ ან გააშვილებდნენ. ეს რომ გავიგე, გაქცევის მცდელობა მქონდა დეიდის სახლიდან. ჩემი შვილი როგორმე უნდა დამეცვა.. მათი ხმა აღარ გამეგო. სად წავსულიყავი, არ ვიცოდი.

ტელეფონი წამართვეს, ყველა მოგონება, ფოტო, რაც კი გამაჩნდა, წამიშალეს ბავშვის მამასთან დაკავშირებული…დახმარება არ უნდა მეთხოვა არავისთან და ასე ყველაფრისგან უფლებაჩამორთმეული დედობის უფლებაც უნდოდათ წაერთმიათ .

ბევრი ტკივილის, შიშის და მოლოდინის შემდეგ დაიბადა ჩემი გოგონა 2018 წლის 29 იანვარს 2.900 , 49 სმ . თეთრი ქათქათა გოგონა ვარდისფერი ლოყებით . ჩვენი პირველი ჩახუტება, პირველი შეხვედრა, მისი ლამაზი თვალები რაც პირველი დავინახე და მისი ტკბილი სურნელი. მინდოდა სულ მეცქირა ,სულ ჩემთან ყოფილიყო.. არავის წაეყვანა. არავის ვენდობოდი გარდა ერთი ექთნისა, რომელიც მთელი მშობიარობის პერიოდში დედასვით მივლიდა, ჩემი ხელი ეჭირა და გაუსაძლისს ტკივილს მიმსუბუქებდა, იმ წუთებში დამავიწყდა ოდესმე ვინმეს რაიმე თუ უტკენია, ვინმეს დავუმციტებივარ. მხოლოდ მე და ჩემი გოგონა დავრჩით სამყაროში ყველა ტკივილი გაქრა და თითქოს გარსი შემოვავლე ჩვენს გარშემო, სადაც ვერავინ შემოაღწვდა. ეს მხოლოდ ჩვენი სივრცე იქნებოდა, რასაც ვერავინ გაარღვევდა, ჩვენი უწყვეტი კავშირი დედაშვილობისა.

ჩემი გოგონა დღეს ოთხი წლისაა ბევრი ვიბრძოლეთ ერთად, მოვხვდით ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ჩემი ბიოლოგიური ოჯახის გამო. მათჯოჯოხეთი გამატარეს. ქუჩაშიც აღმოჩნდი.
მშიერიც ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ რამდენჯერაც ვეცემოდი იმდენჯერ ჩემი გოგონა მეხმარებოდა ფეხზე წამოდგომაში. თავშესაფარში მოვხვდი შემაკავებლის საფუძველზე დედისა და საკუთარი დის მიმართ გამოწერის საფუძველზე ისინი წლები ძალადობდნენ ჩემზე ფიზიკურად და მორალურად.

ჩემს გოგონაზეც. ახსენებდენენ სულ რომ მამა არ ჰყავდა და “ნაბიჭვარი” იყო, რომ სახლში გასაჩერებელი არ ვიყავი, მაგრამ ქუჩაში ვერ მაგდებდნენ ხალხის თვალში ზრუნავდნენ ჩვენზე.

მახსენებდნენ ყოველ წუთას, რომ არარაობა ვიყავი და ბედნიერების უფლება არ მქონდა. ჩემი და სამსახურშიც მამცირებდა და არ მაძლევდა სუნთქვის საშუალებას… მაკონტროლებდა და ხშირად შვილს ჩემს წინააღმდეგ განაწყიბდა, რომ დედა ცუდი იყო და არ სჭირდებოდა.

სიცოცხლეს მამადლიდა დედა და გვარი, რომელიც მამამ მომცა, უნდა შემეცვალა მთხოვდენენ საკუთარი და-ძმა, რადგან თვლიდნენ, რომ მათ ვარცხვენდი და გვარის ტარებას არ ვიმსახურებდი. საკუთარი დედა მთხოვდა ყველა ის ამაგი და ყველა თეთრი უკან დამებრუნებინა, რაც ჩემში ჩადო…

თავშესაფარში მოხვედრა იყო ჩემთვის ცხოვრების გამოცდა პირველი ორი დღე ვტიროდი გაუჩერებლად , სისხლში შემექმნა პრობლემა ნერვიულობისგან. ღამე ვერ ვიძინებდი, ყოველ ხუთ წუთში მეღვიძებოდა და გარდაცვლილი ბებო მელანდებოდა, რომელიც ცემაში მოკლეს და ამას ჩემი შვილიც ხედავდა.

ბებოს დაკრძალვაზე ჩავედი. ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა ჩემი წამოსვლიდან. ყველას მივაწვდინე ხმა, რომ იმ სახლიდან მკვდარი თუ გამოვიდოდა, მოხუცი თავისი სიკვდილით არ იქნებოდა ის წამებაში მოკლეს. როცა ბებოს ვიცავდი, დედა მეც მირტყამდა ბავშვის თვალწინ და სიცივეშიც ბევრჯერ გამითევია ბავშვთან ერთად ღამე…- “მადლობა თქვი რო აქ გაჩერებს შენი ძმა, შენ აქ არაფრის უფლება არ გაქვს, ნუ ერევი“.

ვხედავდი, როგორი ნაწამები ნაცემი იყო ბებო დალურჯებებით… თავგატეხილი და სისხლიანი ბევრჯერ. საწოლიდან ჩამოაგდო, არაერთი ფიზიკური დაზიანება მიაყენა და ყინვაში პერანგით გარეთ დაუგდია…
გავსულვარ ქუჩაში მტირალი გზაზე დავმჯდარვარ, რომ შველას ვითხოვდი, მაგრამ რეაგირება საზოგადოების მხრიდან არ იყო სახლში შემიყვანდნენ “შვილო, რას იზავ დედაშენია, უნდა აიტანო “ მე კი სუნთქვა კი მიჭირდა იმ კედლებში .

როცა გარეთ მტირალი გამოვიდოდი, დედა იძულებით, სახეში რტყმით ცდილობდა შევეყვანე, რომ ხალხი მტირალს გხედავს, სირცხვილია…

პოლიციამ მხოლოდ შემაკავებელი მისცა ბებოს წამებისთვის. ჩემს მუქარას არაფრად თვლიდა, რომ არ ვაპატიებდი თუ ბებოს შეეხებოდა მასთან მიახლოებას თუ გაბედავდა, თუმცა ყოველთვის, როგორც კი თვალს მივეფარებოდი მის ოთახში სასტიკად სცემდა.

ოჯახი აღარ მყავს მათი სახით, ვინც ცხოვრება დამინგრია და შვილის ცხოვრების დანგრევაც უნდოდათ
ჩემი ბოლო სიტყვები იყო:”თქვენი სასჯელი ის იქნება რომ ჩემ გოგონას ვერასოდეს ნახავთ მას სიბოროტეს ვერასოდეს ჩაუდებთ “…
ბებო საფლავამდე მივაცილე,
დიდებული ქელეხი გამართეს დაარცერთ ახლობელს არ აწუხებდა სინდისი, რომ სისხლით გაჟღენთილ ლუკმას ჭამდნენ. ვერ ვიჯერებდი, რომ ასე დადაბლდნენ.

ჩემმა ძმამ არანორმალური მიწოდა, როცა ვუთხარი ქელეხი რა საჭირო იყო და ასეთი სუფრა, როცა ბებო ასე გარდაიცვალა, თუმცა მე არასდროს არავინ მიჯერებდა, მე გიჟად შემრაცხეს, ამბობდნენ, რომ მელანდებოდა…

თავშესაფარში მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა მქონდა. ვტიროდი. ჩემი გოგონას ჩახუტებაც კი ვერ მამშვიდებდა.
მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა ჩემმა ორი წლის გოგონამ მითხრა “დედა ესე როდემდე უნდა იტირო? “
ამ სიტყვებმა თითქოს გამომაფხიზლეს მივხვდი, როგორი საშინელი დასანახი ვიყავი მისი თვალით რომ აღარ უნდა მეტირა, რომ ეს ტრაგედია არ იყო და ეს დასაწყისი იყო ახალი ცხოვრებისა, სადაც აღარ იქნებოდა ტანჯვა, შიში და ცრემლი.

ცოდვის სახლი, სადაც ვიყავი წლები, დასრულდა! და მე და ჩემმა გოგონამ გავიმარჯვეთ სიკვდილზე, ბოროტებაზე !
იქ აღარ ვიყავი იმ სიბნელეში.. უნდა მეფიქრა კარგზე, მხოლოდ ჩემი შვილის ბედნიერ მომავალზე…

ჩემი გოგონას მამა წლების შემდეგ გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და ბავშვის ნახვას და მასზე ზრუნვას ითხოვდა, რომ ის უყვარს და მასზე ოცნენობს მის ჩახუტებაზე. წლების შემდეგ მიხვდა რომ სამაგალითო დედა ვარ და მთელი ცხოვრება შეიძლება ინანოს რომ დაგვტოვა.

დღეს ახალი ფურცლიდან ვიწყებ ბრძოლას საკუთარი შვილის მამის წინაშე…სამართლებრივად კანონის ფარგლებში დნმ-ს ითხოვს მისი ოჯახი, რომელიც წლების წინ აბორტსაც ითხოვდა.

ჩემი გოგონას არსებობა ყველაზე დიდი გამართლებაა ჩემს ცხოვრებაში და არასოდეს არავის არაფერი რჩება. ცხოვრება ბუმერანგის პრინციპით მიდის.

ის პატარა გოგონა ბავშვობიდან სიკვდილზე არაერთხელ ფიქრობდა, როცა ბებოს ურტყამდნენ და ვერ შველოდა, მინდოდა გული ამომგლეჯოდა და მომკვდარიყავი, რომ მას ვერ ვეხმარებოდი მტკიოდა მისი ჭრილობა და თითოეული დამცირება… დღემდე მოხუცების და გაჭირვებულების დანახვაზე ჩემი ბებო მახსენდება, ყელში ტკივილი მაწვება და მჭამს.. მესიზმრება, სულ ვიცი, რომ იქ ვერ ისვენებს წყალში წევს, ზოგჯერ თითქოს შველას მთხოვს…

ეს ტკივილი მუდამ ჩემთან იქნება სიცოცხლის ბოლომდე …

დღეს მე ისევ ის პატარა გოგონა ვარ იგივე ოცნებებით, ტკივილებით სავსე,მაგრამ სიკვდილს აღარ ვნატრობ ,არაფრის მეშინია. ჩემი ოჯახი ჩემი გოგონაა. ჩემი მზისფერი სამყარო,რადგან ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიბძოლო მასთან ერთად. ჩვენ გავიმარჯვეთ!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მთავარი სიახლეები