რუსთავში პირველი საფესტივალო სივრცე „ოქსიგენი“ გაიხსნა

ოქსიგენი

რუსთავის ცენტრალურ პარკში საფესტივალო სივრცე "ოქსიგენი" გაიხსნა,  სადაც 25-26 ივნისს, წლების შემდეგ, პირველი მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი ,,ოქსიგენ-ფესტი“ ჩატარდება.

ცენტრალურ პარკში "ოქსიგენის" ორგანიზატორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სს ,, რუსთავის აზოტისა“ და ორგანიზაცია ,,ოქსიგენი - რუსთავი 2022“-ის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

„დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს და პირველად რუსთავში დავაარსეთ საფესტივალო სივრცე- ოქსიგენი.  
ჩვენი  მიზანია,  მაქსიმალურად გამოვავლინოთ რუსთავის ახალი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი  შესაძლებლობაა საფესტივალო სივრცე და  ოქსიგენ ფესტი, რომელსაც ჩვენი უნიკალური პარკი ივნისის ბოლოს უმასპინძლებს. მიხარია, რომ სწორედ ამ უნიკალურ პარკში დაფუძნდა საფესტივალო სივრცე, სადაც  როგორც ადგილობრივ, ასევე მომავალში,  საერთაშორისო წარმომადგენლებსაც მივიღებთ.  განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ,,რუსთავის აზოტს“ მხარდაჭერისთვის, რომ არა ისინი, ამ იდეას, რომლის ავტორებიც ჩვენი ახალგაზრდები არიან, ვერ განვახორციელებდით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

„ოქსიგენ-ფესტის“ მხარდამჭერი რუსთავის მერია და სს ,,რუსთავის აზოტია“. ,,მინდა მადლობა ვუთხრა „ოქსიგენის“ ორგანიზატორებსა და იდეის ავტორებს. ,,რუსთავის აზოტი“ არის ადგილობრივი წარმოება, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი ტიპის ღონისძიებების რუსთავში ჩატარებას და სწორედ ამიტომ ვართ ფესტივალის მხარდამჭერები. განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ "ოქსიგენ-ფესტის" ფარგლებში პირველ დღეს იქნება ,,არტ-გენი“, ხოლო მეორე დღეს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, ეს კი იძლევა საშუალებას, რომ ფესტივალით ისიამოვნონ არა მხოლოდ ახალგაზრდებმა, რამედ უფროსი თაობის რუსთაველებმა და სტუმრებმა“, - განაცხადა „რუსთავის აზოტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბურდილაძემ.

„ოქსიგენის“ საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, 25 ივნისს საფესტივალე სივრცეს ,,არტ- გენი" დაიკავებს, მეორე დღეს კი, ,,ოქსიგენ-ფესტი“ მთლიანად ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა. ,,დღეს ბედნიერი დღე გვაქვს, დაარსდა საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი“. საფესტივალე სივრცე თავისთავად ნიშნავს სხვადასხვა ფესტივალების მასპინძლობას, დავიწყებთ ქართულით და აუცილებლად გავხდებით საერთაშორისო დონის მიმღებები. აქ მთავარი იყო სურვილი, წამოწყება და რაც მთავარია - ჯანმრთელი იდეა. ეს ჯანმრთელი იდეა მოდის რუსთავის ყველა თაობის ადამიანისგან, ცენტრალური პარკი ყოველთვის იყო შეკრებისა და ხელოვნების გაცვლის ადგილი, დღეს უკვე ყველაფერმა ამან მიიღო თავისი ფორმა. საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი“ იქნება რუსთავის პარკის ტერიტორიაზე ადგილი, სადაც ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანი მისთვის შესაბამის სივრცეს, ჯგუფებსა თუ სხვადასხვა ხელოვნების პროდუქტს მიიღებს“, - განაცხადა ,,ოქსიგენის“ ორგანიზატორმა ლაშა ნოზაძემ. ,,ოქსიგენი" ყოველწლიური იქნება და სამომავლოდ საერთაშორისო მასშტაბსაც შეიძენს.