1735073819
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება და მულტიფუნქციური დასასვენებელი ზონის შექმნას ითვალისწინებს. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
„რუსთავში, ისეთი პროექტების პარალელურად, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ავარიული კორპუსების გამაგრება, რა თქმა უნდა, ჩვენ მწვანე ქალაქის კონცეფციიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობას ვაგრძელებთ. ჭყონდიდელის დასახლებაში 15 ათას კვადრატული მეტრის განაშენიანება მიმდინარეობს. ეს სივრცე დღემდე უფუნქციო იყო და ჩვენ მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ აღნიშნული პროექტი. ძალიან მალე ამ უბანს და ჩვენს ქალაქს, კიდევ ერთი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატება“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
ახალ სკვერში სპორტული და საბავშვო მოედნები, ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები, თანამედროვე გარე განათება, სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეები, დასასვენებელი ზონები, ასევე, რჩეულიშვილის ქუჩიდან სკვერის გავლით, გრანელის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბე მოეწყობა.
„ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მრავალფუნქციური სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. მსგავსი მასშტაბის რეკრეაციული სივრცე ამ დასახლებაში არ არსებობდა. როგორც ჩვენმა გუნდმა დავაანონსეთ, გარდა ცენტრალური ქუჩებისა, ინფრასტრუქტურული პროექტი თითქმის ყველა უბანში მიმდინარეობს და ამ უბანშიც სკვერის მოწყობა, რა თქმა უნდა მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად დავიწყეთ“, - განაცხადა ზურაბ ტაბაღუამ.
პროექტით, გათვალისწინებულია დენდროლოგიური სივრცეების მოწყობა, სკვერის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგვება. სკვერის მოწყობის პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 474 439 ლარით დაფინანსდა.