რის შესახებ გვაფრთხილებს სიზმარი - მოძღვრის რჩევა

სიზმარი

რატომ ტანჯავს ცუდი სიზმრები დიდსა და პატარას? არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სიზმარი არ უნახავს. ყველას აინტერესებს, რას ნიშნავს ესა თუ ის ზმანება. რას გვეუბნება სიზმარი, უნდა მივანიჭოთ თუ არა მას მნიშვნელობა და როგორ მოვიქცეთ, როცა კოშმარები გვტანჯავს.

გვესაუბრება მამა ანდრია (სარია):

- როგორ ახსნით სიზმრის მნიშვნელობას?

- სიზმრები სხვადასხვაგვარია. უფალი წინააღმდეგი არ ყოფილა სიზმრის, პირიქით იაკობს, იოსებსა და ძველი აღთქმის მამამთავრებს სიზმრის ახსნის ხელმწიფება მიანიჭა. ამ გზით საღმრთო განგებულება აღასრულეს. ახალი აღთქმის პერიოდში განცხადებები ჰქონდათ წმინდა მამებს, მაგრამ ეს არ იყო სიზმრისეული. უფრო მეტიც, ისინი გვაფრთხილებდნენ და გვირჩევდნენ, სიზმარზე დამოკიდებული არ გავმხდარიყავით. არსებობს სამი სახის სიზმარი: ღვთისგან, დემონისგან და შთაბეჭდილებებისგან. ადამიანი ვერ გაარჩევს რომელია ჭეშმარიტი და შესაბამისად, უმჯობესია ყურადღება არ მიაქციოს.

- სიზმრის უნდა გვჯეროდეს? საჭიროა თუ არა მათთვის მნიშვნელობის მინიჭება?

- სიზმრის არ უნდა დავიჯეროთ, დაჯერება ასრულებასაც იწვევს. ვისაც მაგიის, ცრურწმენისა და სიზმრის სჯერა, ასეთებს ბოროტი წაახალისებს, მაგრამ საბოლოოდ სიზმრითვე გაანადგურებს.

- სიზმრის საშუალებით რაიმე გაფრთხილება ხომ არ გვეძლევა?

- სიზმრის საშუალებით ერთადერთი სიგნალი მოგვდის: ბოროტს არ ვენდოთ. სიზმრისეულად დაცემებიც ხდება და ვამჩნევთ რომ ჩვენი სული ვნებებს ჰყავს გატაცებული. ასეთ დროს აუცილებელია მოძღვარს გავესაუბროთ.

- სიზმარი შესაძლებელია ღვთისაგან იყოს?

- შესაძლოა, თუმცა ამის გარჩევას ჩვენ ვერ შევძლებთ. ამიტომ უმჯობესია არ მივიღოთ, ღვთისგან რომც იყოს არ დავისნებით, რადგან სიფრთხილეს ვიჩენთ. ვაიდა დემონისგან იყოს,მაშინ ვერავინ შეძლებს ჩვენს გამოხსნას.

- ადამიანებს ხშირად გარდაცვლილი ადამიანები ან წმინდანები ესიზმრებათ, შესაბამისად, სიზმრის სინამდვილეში ეჭვის შეტანაც უჭირთ…

- უფალთან ცხოველ ურთიერთობას უნდა მივეჩვიეთ, გარდაცვლილებზე ლოცვას და წმინდანებისადმი პატივისცემას. სიზმრის ახსნა და კირკიტი არაფრის მომცემია, გარდა ცოდვისა.

- ბავშვებში, მოზარდებში როგორ ახსნით სიზმრების მნიშვნელობას?

- ეშმაკი ბავშვებსაც ტანჯავს კოშმარებით ან უბრალო სანახაობებით. ფილმებს, მულტფილმებსა და წარმოდგენებს შეუძლიათ სიზმრების გამოწვევა. მოძღვარს საჯანმრთელო პარაკლისი გადავახდევინოთ.

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა სიზმრისგან შეშინებული ძილის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს და როგორ შეიძლება მისგან თავის დაღწევა?

- ადამიანს როდესაც გამოღვიძება და კოშმარებს რეალურ ყოფაში გადმოიტანს, მაშინათვე გაიხსენოს, რომ ეს შექმნილი ილუზიაა, რომელსაც არ შეუძლია გვავნოს, მსგავსად საშინელებათა ფილმისა. უფალს უნდა ვთხოვოთ, კოშმარები გვაცილოს და კეთილი ზრახვები გვიმრალოს.