რა გავლენას ახდენს თქვენზე თქვენივე სახლის ნომერი - გაიგეთ, რომელი ნომერია იღბლის მომტანი და რომელი - სახიფათო

cifrebis kolaji

იცოდით, რომ თქვენს ყოფაზე, ჯანმრთელობასა თუ იღბალზე გავლენას თქვენივე საცხოვრებლის ბინის ან სახლის ნომერი, კოდი და სხვა ციფრები შეიძლება ახდენდნენ, რომლებიც თქვენს მისამართთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ვრცელ სტატიას ჟურნალი "თბილისელები" აქვეყნებს. ეზოტერიკოსი აქვე ახსნას გთავაზობთ, როგორ უნდა გამოთვალოთ თქვენს მისამართთან დაკავშირებული ციფრები ისე, რომ ახსნათ ამ რიცხვებს მიღმა დამალული გავლენები:

- ბევრმა არ იცის, მაგრამ ბინის, სახლის ანუ საცხოვრებლის ნომერს, მართლაც საკრალური მნიშვნელობა აქვს და ერთგვარად განსაზღვრავს კიდეც მასში მცხოვრებთა ბედს.

- შეიძლება, ბინის ნომერმა ჩვენი ცხოვრება შეცვალოს?

ეს ერთგვარი კოდია სახლის მფლობელთათვის, რომელსაც შეუძლია, ის შეუვალ ციხესიმაგრედაც კი აქციოს, შექმნას იქ იღბლისა და კეთილდღეობის ფონდი და ეს ყველაფერი მხოლოდ ბინის ნომრის მიხედვით განსაზღვროს. აქედან გამომდინარე, დღეს თანმიმდევრულად განვმარტავთ: თუ როგორ უნდა მოიქცეთ სახლში, როგორ დაიცვათ ოჯახი, დაიმკვიდროთ ჯანმრთელობა და ბედნიერება შინ. მაშ ასე, თავდაპირველად, გამოთვალეთ ბინის ნუმეროლოგიური კოდი, რაც სრულიად მარტივია. შეკრიბეთ ბინის ნომრის ყველა ციფრი და გაამარტივეთ ერთნიშნა ნიშნულამდე. მაგალითად, თუ სახლის ნომერია 148: 1+4+8= 13, 1+3=4.

ესე იგი, თქვენი ბინის კოდია 4. გამოთვალეთ ამ მეთოდით კოდი? ახლა გაგაცნობთ ყველა ციფრის (1-9) კოდურ მნიშვნელობას.

დავიწყოთ პირველიდან...  ბინა ნუმეროლოგიური კოდით - 1 თავის მფლობელებს შემოქმედებითი ენერგიით მუხტავს. ასეთ სახლში საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი განათება დააყენო (რა თქმა უნდა, ფანატიზმის გარეშე). ფერთა გამაში კი უმჯობესია, ყველას ნარინჯისფერ - წითელი სჭარბობდეს. ასე, ბინის ატმოსფერო მის მცხოვრებთ საჭირო ენერგიით აავსებს; მტრებს კი, პირიქით - თვალს აუბამს და მათ დეზორიენტაციას გამოიწვევს.

პირველს მოსდევს კოდი 2 - ასეთ ბინაში მაქსიმალური ყურადღება სარკეებს და სააბაზანო ოთახს უნდა დაეთმოს - რომ იტყვიან, ორივე შეუდარებელი უნდა იყოს. სარკე, უმჯობესია, საშუალო ზომის შეარჩიოთ, ფერთა გამაში კი, უპირატესობა ნაზ კრემისფერს მიანიჭეთ. ამ პირობების გათვალისწინების შემთხვევაში, სახლი მის მცხოვრებთ გაუძლიერებს ინტუიციას, დაიცავს გათვალვისა და ჯადოსგან, ასევე, უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობას.

კოდი 3 - ბინის მფლობელებს ისეთი ენერგეტიკით მუხტავს, რაც უფრო პრინციპულსა და მიზანდასახულს ხდის მათ, იცავს მტრის თავდასხმებისაგან და იღბალსაც უძლიერებს. ყველაზე მეტად აქტიური ადგილი ასეთ სახლში შემოსასვლელია. ინტერიერში უნდა დაამატოთ წითელი ფერი - უმჯობესია, თუ მას ავეჯის რომელიმე ნივთი შეავსებთ.

ბინა კოდით  4 - მფლობელს დამაჯერებელი მსჯელობის უნარით აჯილდოებს, რომელიც ნებისმიერ საკითხს მოლაპარაკების გზით ჭრის, ასევე, ეს ენერგეტიკა ხელსაყრელია საქმიანი გარიგების დროსა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. საძინებელი - ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ბინაში, რაც შეეხება ფერთა გამას, უპირატესობა ცისფერს, თეთრსა და ფოლადისფერს უნდა მიანიჭოთ.

კოდი 5 - ამ ბინის მობინადრეს ისეთ იღბალს ანიჭებს, რომ ყველა საქმეში მოგებული რჩება. მაგრამ გაითვალისწინეთ, ასეთი სახლის კედლებში, უმჯობესია, არ იცრუოთ, თორემ შეიძლება, ფორტუნამ ზურგი შეგაქციოთ. ძალიან სასურველია, თუ ინტერიერს ბრინჯაოსა და იასამნისფერ ტონებს დაუმატებთ.

რაც შეეხება ბინას კოდით - 6, თავის მფლობელს „ბედნიერების სრულ პაკეტს“ სთავაზობს: გამართლება სიყვარულში, სრული ოჯახური იდილია, მჭიდრო ურთიერთობები, სიმშვიდე და კომფორტი. მთავარია, სადაც კი შეიძლება, თავი აარიდოთ მახვილ კუთხეებს ინტერიერში და უპირატესობა თბილ, ნაზ ფერთა გამას მიანიჭოთ. მრგვალი მაგიდა, რბილი დივნები - იდეალური არჩევანია ასეთი ბინისთვის.

ბინაზე კოდით 7 - თამამად შეიძლება ითქვას, რომ იქ „კედლებიც კი კურნავს“. მყარი ჯანმრთელობა - მთავარი პრიორიტეტია ასეთ სახლში. მისი უპირატესობაა ისიც, რომ შეგიძლიათ, თამამად დაიწყოთ ფულის შეგროვება, აუცილებლად გაგიმართლებთ. ინტერიერში კი სასურველია, ლურჯი ფერის ტონები დომინირებდეს.

კოდი 8 - ბინის მფლობელებს ბოროტი ხალხისგან დაიცავს, აარიდებს მოშურნე და ავ თვალს. ასეთი სახლი ნამდვილი ციხესიმაგრეა. ინტერიერი გადაწყვიტეთ ნათელ ფერებში, რათა დადებითი ენერგია უფრო გაძლიერდეს.

ბინა კოდით 9 - საკმაოდ მძიმეა, თუმცა სწორი მიდგომა მფლობელს დაეხმარება, წარმატებას მიაღწიოს სიყვარულსა და ვაჭრობაში. სახლის ინტერიერისთვის შეარჩიეთ პასტელის ფერები და ფაფუკი ხალიჩები, ასეთ გარემოში ბინის ენერგეტიკა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

ყველას მყუდრო და სასიამოვნო საღამოებს გისურვებთ ოჯახურ გარემოში.