ვლადიმერ პუტინი - დონალდ ტრამპი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, აკეთებს იმას, რაც უნდა, ზოგიერთ ევროპელ ლიდერს უჭირს თავისი დაპირებებისგან უკან დახევა კიევთან სახის დაკარგვის გარეშე

პუტინი

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელები თავისუფალი აქვს, განსხვავებით ევროპელი ლიდერებისგან.

„ის არამხოლოდ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, არამედ აკეთებს იმას, რაც უნდა. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოს ლიდერის პრივილეგიაა“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთმა და აშშ-მა უკრაინის კონფლიქტის გადასაჭრელად ურთიერთნდობის ასამაღლებლად პირველი ნაბიჯი უნდა გადადგან.

პუტინის განცხადებით, კონფლიქტის არსებითი გადაწყვეტა ტრამპთან ჯერ არ განხილულა. მისივე თქმით, ტრამპის მცდელობა, გააჯანსაღოს პოლიტიკური ვითარება უკრაინაში, უფრო მეტად უკრაინის სასარგებლოდაა, ვიდრე რუსეთის.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს მშვიდობას, ხოლო ზელენსკი ამ მიზნის გზაზე დგას.

„შექმნილ ვითარებაში, ჩვენ, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დაინტერესებულები ვიყავით, რომ ის იქ დარჩენილიყო და განეგრძო რეჟიმის რღვევა, რომელთანაც ჩვენ შეიარაღებულ კონფლიქტში ვიმყოფებით. მაგრამ უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაძლიერების ინტერესებიდან გამომდინარე, აქ, რა თქმა უნდა, საჭიროა ენერგიული მოქმედება სრულიად სხვა მიმართულებით. ხელისუფლებაში იმ ადამიანების მოყვანა, რომლებიც უკრაინის ხალხის ნდობით ისარგებლებენ“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, ზელენსკიმ ჩიხში შეიყვანა საკუთარი თავი, როდესაც აკრძალა რუსეთთან მოლაპარაკებები.

„კიევის რეჟიმის მეთაური თავს არიდებს მოლაპარაკებებს, ვინაიდან საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე მას არჩევნებზე წასვლა მოუწევს. ჩვენი მონაცემებით, კიევის რეჟიმის მეთაურის რეიტინგი ორჯერ დაბალია, ვიდრე ბატონი ზალუჟნის. კიევის რეჟიმის მეთაურის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულის ტოლია. ის გახდა როგორც არმიის, ისე საზოგადოებისა და სახელმწიფოს რღვევის ფაქტორი. დღევანდელი კიევის რეჟიმის მეთაური ტოქსიკური ფიგურა ხდება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რადგან ის გასცემს უაზრო ბრძანებებს, რომლებიც ნაკარნახევია არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით. ამასთან, გაუგებარია, რაზე არიან ისინი დაფუძნებული. ეს იწვევს უკრაინის არმიისთვის დიდ, გაუმართლებელ, კატასტროფულ დანაკარგებს“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთისა და აშშ-ის კონტაქტებზე ევროპის რეაქცია ემოციურია და მოკლებულია პრაქტიკულ აზრს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპას რუსეთისგან არაფრის მოთხოვნა არ შეუძლია.

„მოთხოვნა, ალბათ, აქ არავის არაფრის შეუძლია, მით უმეტეს რუსეთისგან, დაე, მოითხოვონ სხვისგან. უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ევროპის მონაწილეობა მოთხოვნადია. ევროპამ თავად თქვა უარი რუსეთთან მოლაპარაკებებზე, მოინდომებენ დაბრუნებას – კეთილი იყოს. ზოგიერთ ევროპელ ლიდერს უჭირს თავისი დაპირებებისგან უკან დახევა კიევთან სახის დაკარგვის გარეშე“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის შესაძლო შეთანხმება სასარგებლო წიაღისეულის შესახებ რუსეთს არ ეხება.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, განაახლოს ალუმინის მიწოდება ამერიკულ ბაზარზე და გაყიდოს დაახლოებით წელიწადში ორი მილიონი ტონა ლითონი შეერთებულ შტატებში, რაც ხელს შეუწყობს ფასების შემცირებას.

„რუსეთი მზად იქნებოდა, შეეთავაზებინა აშშ-სთვის ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა, მაგალითად ალუმინის წარმოებაზე“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის ხარჯები შეიძლება, ერთდროულად შემცირდეს 50 პროცენტით ურთიერთშეთანხმებით, რის შემდეგაც ჩინეთს ასევე შეუძლია, შეამციროს სამხედრო ხარჯები.

„ჩვენ შეგვიძლია შეთანხმება შეერთებულ შტატებთან – შეერთებული შტატები შეამცირებს თავდაცვის ხარჯებს 50 პროცენტით, ჩვენ კი 50 პროცენტით, ხოლო ჩინეთი შემოგვიერთდება, თუ მათი სურვილი იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინადადება კარგია და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჩინეთში თავდაცვის ხარჯების შემცირების შესახებ „ჩინეთის საქმეა“.