„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს არ გამართავს, თუ ისრაელი პატიმრებს არ გაათავისუფლებს

ჰამასი

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს არ გამართავს, თუ ისრაელი პატიმრებს არ გაათავისუფლებს.

„ბიბისის“ ცნობით, „ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომი ნაბიჯების შესახებ მოლაპარაკებები დამოკიდებულია პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ეს შეთანხმებული იყო.

მანამდე, ისრაელმა განაცხადა, რომ აყოვნებს 600-ზე მეტი პალესტინელის გათავისუფლებას. ამასთან, ისრაელმა „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების არაერთ დარღვევასა და ისრაელელი მძევლების „დამამცირებელ პირობებში გადაცემაში” დაადანაშაულა.

საპასუხოდ „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მთელი შეთანხმება „სერიოზულ საფრთხეში“ ჩააგდო და შუამავლებს, განსაკუთრებით აშშ-ს, მოუწოდა, ისრაელზე ზეწოლა მოახდინონ.

ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გაფორმებული შეთანხმების პირველი ფაზა და ექვსკვირიანი დროებითი ზავი მიმდინარე კვირის ბოლოს იწურება, მაგრამ მეორე ფაზისა და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა „არასტაბილურია“ და საომარი მოქმედებების განახლება ყველა ფასად უნდა იყოს თავიდან აცილებული.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის მეექვსე და უკანასკნელი კვირის დასაწყისში „ჰამასმა“ ექვსი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, ხუთი მათგანი შეიარაღებული მებრძოლების გვერდით სცენაზე გაიყვანეს, ვიდრე წითელ ჯვარს გადასცემდნენ და შემდეგ ისრაელში წაიყვანდნენ.

მოგვიანებით, „ჰამასმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ორი სხვა მძევალი ავტომობილში უყურებდა ერთ-ერთი სხვა მძევლის გადაცემის ცერემონიას და ჩანდა, თითქოს ისინი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ემუდარებოდნენ, ისინიც გამოეყვანა. მძევლების ოჯახების წარმომადგენელმა ეს ვიდეო „სისასტიკის ზიზღისმომგვრელ დემონსტრაციად“ შეაფასეს.

ისრაელში უკვე იყვნენ აღშფოთებულები იმის გამო, რომ „ჰამასმა“ ოთხი გარდაცვლილი მძევლის დაბრუნებისას, მოკლული ისრაელელი ქალის ცხედრის ნაცვლად პალესტინელის ქალის ნეშტი გადასცა ისრაელს. „ჰამასში“ განაცხადეს, რომ ეს შეცდომა იყო და იმავე დღეს დააბრუნეს ისრაელელი ქალის ცხედარი.