სიძემ ქორწილში პატარძალი და სამი ადამიანი მოკლა - საბედისწერო ქორწილი ტაილანდში
1742455295
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ომი, რუსეთის ქმედებები გაუმართლებელია, შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა საომარი მოქმედებები შეაჩეროს. პრემიერის თქმით, ომი ყველას დააზიანებს.
"მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის მიმართ. გუშინ მე ჩემს განცხადებაში ვთქვი, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენ, საქართველო და ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს.
რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება უკრაინაში არის დიდი ტრაგედია. ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა შეკავებული და ვერ იქნა თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება თავად უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინელი ხალხი.
ომს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენს ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, როცა სამწუხაროდ თავიდან ვერ იქნა აცილებული აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ვინ დაზარალდა ამით?! - რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. დაიხოცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დავკარგეთ ტერიტორიები.
შესაბამისად, მე მინდა დასკვნის სახით ვთქვა, რომ ომი ყველასთვის არის მიუღებელი, არცერთ მხარეს არ ჰყავს გამარჯვებული. მინდა ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩვენი სოლიდარობა და მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინაში ეს საომარი მოქმედებები შეჩერდეს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"რაც შეეხება ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით იყო ორგანიზებული. ჩვენ იქაც გამოვხატეთ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა. ასევე, ჩემი დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში გადავეცით გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ხაზს ვუსვამ. ასევე, ევროსაბჭოში სრული პოლიტიკური სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიმართ და აქ რა თქმა უნდა, არანაირი კითხვა არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.