დაკავებულმა, თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, წაშლის სანაცვლოდ კი თანხა მოსთხოვა - შსს

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.

მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕