უდიდეს ნაწილს ვეთანხმები მისას, უბრალოდ ეს პრობლემები მისი ელჩობის პერიოდშიც გვქონდა - იაგო ხვიჩია კელი დეგნანზე

იაგო ხვიჩია

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან. როგორც "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, დეგნანის შეფასებების დიდ ნაწილს ეთანხმება და უფრო ყურადღებითაც გაეცნობა მის არგუმენტებს.

"უდიდეს ნაწილს ვეთანხმები მისას, უბრალოდ ეს პრობლემები მისი ელჩობის პერიოდშიც გვქონდა და კარგი იქნებოდა, რომ ელჩობის პროცესშიც ყოფილიყო პოზიციები. ეს უბრალოდ ისეთი ტიპის ინფორმაციას განეკუთვნება, სადაც ქალბატონ ელჩს მეტი ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს ვიდრე მე, ამიტომ, უფრო ყურადღებით გავეცნობოდი მის არგუმენტებს ამ თვალსაზრისით, რადგანაც ძალიან საინტერესო ნაწილია ეს ამ განცხადების, ამიტომ ყურადღებით დავაკვირდები მართლა ასე წავა თუ არა საქმე, იმიტომ, რომ მე ასეთი თვალით არ შემიხედავს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით კი, ის რისკები, რაზეც კელი დეგნანმა ისაუბრა, შეიძლება არსებობდეს და შესაძლებელია, რომ რეალიზდეს.

ცნობისთვის, კელი დეგნანის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონის ხელახლა ინიციირების მიზანი, არჩევნებზე საერთაშორისო მისიების არ დაშვებაა. ამ თემაზე დეგნანმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლეს სკოლაში ჩატარებულ დისკუსიაზე ისაუბრა, "საქართველო - ბრძოლა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის", სადაც ის ამ თემაზე სასაუბროდ იყო მიწვეული. კელი დეგნანი ახლა შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში. დიპლომატის თქმით, მას არ გაუკვირდება, თუ ხალხის ნების უგულებელყოფით, "ქართული ოცნება" ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს და საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ.