ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენენ

parlamenti

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტის ბიუროს დღეს წარუდგენენ. დღესვე გახდება ცნობილი, თუ როდის ჩატარდება მათთან გასაუბრება.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე შესთავაზა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ ადგილზე კი - ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

პროცედურების მიხედვით, კანდიდატებს ჯერ საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, რის შემდეგაც დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით აირჩევენ.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით რომ დაინიშნოს, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ასეთი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას კვლავ 6 თვით დაიკავებს.