ჰაკან ფიდანმა და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული ვითარება, სირიაში განვითარებული მოვლენები და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განიხილეს

ჰაკან ფიდანმა და სერგეი ლავროვ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თურქული მედიის ცნობით, ჰაკან ფიდანმა და სერგეი ლავროვმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, ასევე სირიაში განვითარებული მოვლენები და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„ლიდერებმა რეგულარული, სანდო დიალოგის განვითარების პროცესში გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების კონტექსტში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ფიდანმა და ლავროვმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რისკების შექმნისკენ მიმართული ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობაზე.