1726775811
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრო ლაშა ბაქრაძის განცხადებას ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის ჭრილშიც განიხილავს და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ლაშა ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამის სამსახურში დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო.
წულუკიანის განმარტებით, კულტურის სამინისტრო ლაშა ბაქრაძის განცხადებას, პირველ რიგში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილში აფასებს.
„არ ვიცი, ბატონ ლაშას კვლავ რამდენად ახსოვს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ის დღემდე არის ძალიან დიდი ტრადიციების, დიდი გოგლა ლეონიძის სახელობის მუზეუმის პირველი პირი, ხელმძღვანელი პირი. შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილშიც ვუყურებთ ამ განცხადებას. სწორედ ამიტომ ჩვენს შესაბამის სამსახურში გუშინ დაიწყო საქმისწარმოება, რასაც ეწოდება დისციპლინური საქმისწარმოება, რომლის დღევანდელ მასალებს პირადად ჯერ არ ვიცნობ. როგორც კი გავეცნობი, გვექნება ჩვენი შეფასება, არა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან სოციალური, თუ სოციოლოგიური, არამედ უწყებრივი შეფასება, რადგან ბატონი ლაშა არის ჩვენი თანამშრომელი. მას ქაღალდზე უწერია, რა არის მისი უფლება-მოვალეობები, როდის უნდა გამოცხადდეს სამსახურში და როდის უნდა იყოს ადგილზე. რას უნდა აკეთებდეს, რას უნდა ემსახურებოდეს მათ შორის მისი ქცევა და მისი განცხადებები. ამიტომ უახლოეს დროში ჩვენი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.