საზოგადოებამ უნდა შეაფასოს რატომ ცდილობენ კონკრეტული ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით, ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების დახვრეტით და წამებით - პრემიერი

კობახიძე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალში მსგავსი დანაშაულების პრევენცია უნდა მოხდეს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საზოგადოებამ თავად უნდა შეაფასოს "დიფ სთეითის" მოქმედებები საქართველოში, რომელიც ცდილობს ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობის შემდეგ, ვიზიტის შეჯამებისას ისაუბრა.

"ყველას, გარკვეულწილად ემოციურ დონეზე მაინც დაგვავიწყდა ის დანაშაული, რაც ჩადენილ იქნა წინა რეჟიმის მიერ. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები და ეს არის არა მარტო იმისათვის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, ეს არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს ანალოგიური დანაშაულების პრევენცია. როდესაც ჩვენ გარედან თავს გვახვევენ ასეთი პოლიტიკური ძალის დაბრუნებას, მცდელობა არის მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს თუ რატომ ცდილობენ კონკრეტული ძალები, ე.წ. დიფ სთეითი, ევროპული ბიუროკრატიის ხელით რატომ ცდილობს, რომ ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გამოირჩეოდა თავის დროზე ადამიანების დახვრეტით, ადამიანების მკვლელობით, წამებით, ტერიტორიების ჩაბარებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. იმისათვის, რომ ამ ყველაფერზე საზოგადოებამ გააკეთოს საკუთარი მკაფიო დასკვნები, მნიშვნელოვანია ეს პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში", - აცხადებს პრემიერი.