1744744668
ევროკავშირი უკრაინის საწვრთნელი მისიის გაფართოებას განიხილავს

ევროკავშირი უკრაინის საწვრთნელი მისიის გაფართოებას განიხილავს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით საწვრთნელი მისიისთვის, უნდა გავაფართოოთ თუ არა, რათა ასევე წვლილი შევიტანოთ „მსურველთა კოალიციის“ უსაფრთხოების გარანტიებში“, – თქვა კალასმა პრესკონფერენციაზე.
კაია კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრები რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად სანქციების მე-17 პაკეტზე მუშაობენ.
„რაც შეეხება რუსეთზე ზეწოლის განხორციელებას, ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მე-17 პაკეტზე, რომელიც მოიცავს ჩრდილოვან ფლოტს და სხვა ელემენტებს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.