„მამიკოს საფლავს ვასუფთავებდი, თურმე, დედაჩემის სამარეს ვთხრიდი...“ - ქეთი ქველაძე
1744700978
"კილერის" თვალები ბესო ხარძიანის შვილმა 10 წლის შემდეგ პირველად სასამართლო დარბაზში ნახა. მისთვის მძიმე სანახავი იყო კაცი, რომელმაც მამა მოუკლა. ქეთა ხარძიანმა 10 წლის წინ, ჩაფხუტით შენიღბული მკვლელი სახლთან ახლოს, მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ნახა. ჩაფხუტი სახასიათო თვალებს და მზერას ვერ უმალავდა. ქეთა ხარძიანს ნანახი კაცი საეჭვოდ მოეჩვენა, თუმცა საფრთხე მაშინ ვერ გათვალა. მეორე დღეს კი, ფარიდ გურბანოვმა ბესო ხარძიანი სახლის სადარბაზოში მოკლა.
მოკლულის შვილი იხსენებს, რომ ის და ბესო ხარძიანი ხშირად ერთი ავტომობილით სარგებლობდნენ. შესაბამისად, დაქირავებული მკვლელის თვალთვალის სამიზნე ქეთა ხარძიანიც აღმოჩნდა.
საქართველოში ექსტრადირების შემდეგ პირველად, სასამართლოში "კილერი" "კურიერი P.S."-მა გადაიღო. ფარიდ გურბანოვს ამ დღეს აღარაფერი უთქვამს. უსმენდა ექსპერტებს, რომლებიცმკვლელის მიერ ნასროლი სამი ტყვიის, მათ შორის, საკონტროლო გასროლის შედეგად მიყენებულ დაზიანებებზე საუბრობდნენ.
39 წლის ფარიდ გურბანოვი, 9-წლიანი ძებნის შემდეგ თურქეთში დააკავეს და საქართველოს გადმოსცეს. ამ დროს მას ბესო ხარძიანის მკვლელობისთვის დაუსწრებლად, უვადო პატიმრობა უკვე მისჯილი ჰქონდა. ახლა სააპელაციო სასამართლოში უმკაცრეს სასჯელს ასაჩივრებს.
როგორ მოკლეს კუს ტბის მეწილე, ცნობილი ქართველი ბიზნესმენი - დანაშაულის გეგმა 2015 წლის 13 იანვარს ამოქმედდა.
საქართველოში ყალბი პასპორტით ჩამოფრინდნენ აზერბაიჯანის მოქალაქე ფარიდ გურბანოვი და რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი. კილერი დამხმარესთან ერთად კონსპირაციულ ბინაში დაბინავდა. ისინი ქუჩებში 4 მარტიდან გამოჩნდნენ, ჯერ ფეხით, შემდეგ კი მოპედით. გამოძიების მასალების მიხედვით, 28 მარტს, ბესო ხარძიანის სიცოცხლის ბოლო დღეს, დაქირავებული მკვლელი და მისი დამხმარე ქუჩაში ისევ ერთად, სხვადასხვა ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ.
ვაკე, მარაბდის ქუჩა, შუადღე - ბესო ხარძიანი სამსახურიდან სახლში სასადილოდ ბრუნდება. ჩასაფრებული "კილერი" მას სადარბაზოში მიჰყვება და ზურგიდან მაყუჩიანი იარაღით ცეცხლს უხსნის. მკვლელი ადგილიდან მოპედით გარბის.
ბიზნესმენი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მკვლელმა კი, მტკიცებულებები მოიშორა. კეკელიძის ქუჩაზე მოპედი და ნიღაბი დატოვა. იარაღი მტკვარში ჩააგდო. ქურთუკი ამოაბრუნა, დამხმარე ოლეგ დოევთან ერთად აჭარისკენ წავიდა. საზღვარი თურქეთის მიმართულებით ისევ ყალბი პასპორტით, ისევ მოკავშირე დოევთან ერთად გადაკვეთა.
გამოძიებამ მკვლელების ვინაობა მალევე დაადგინა. ძებნილი დამნაშავეების მიმართ მალევე დადგა უმძიმესი განაჩენი.
9-წლიანი ძებნის შემდეგ, გასული წლის ივლისში, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, ფარიდ გურბანოვი თურქეთში დააკავეს. მალევე საქართველოს გადმოსცეს. "კილერმა" ქართულ ციხეში უვადო სასჯელის ათვლა 2024 წლის 13 სექტემბერს დაიწყო.
მკვლელის დამხმარე ოლეგ დოევი, რომელსაც ქართულმა სასამართლომ 19 წელი მიუსაჯა, ისევ ინტერპოლით იძებნება.
დაქირავებულმა მკვლელმა დუმილი აირჩია.
ის ახლა სააპელაციო სასამართლოში უმძიმეს სასჯელს ასაჩივრებს. უკვე კერძო ადვოკატიც ჰყავს, რომელიც პანკისელმა ნაცნობებმა დაუქირავეს. ის მკაცრი რეჟიმის ციხეში, სამარტოო საკანში ცხოვრობს. მკვლელმა დროის მოსაკლავად, ქართულის შესწავლა დაიწყო.
გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, თუმცა დადასტურდა, რომ მან მკვლელობა შეკვეთით ჩაიდინა. ვინ არის დამკვეთი - ამის გასარკვევად, გამოძიება გრძელდება.
სანამ გამოძიება მთავარ შეკითხვას უპასუხებს, ერთადერთი ვერსია აქვს მოკლულის ოჯახს, რომ ბიზნესმენი კუს ტბის წილებს შეეწირა.
ბესო ხარძიანი მკვლელობამდე 4 წლით ადრე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამტკიცებდა, რომ ციხეში ბიზნესპარტნიორების გამო ჩასვეს და წამებით დაათმობინეს კუს ტბის წილები. წამების და ქონების უკანონო ჩამორთმევის საქმეზე ბრალი, ძებნილებს - გია უდესიანს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს წარუდგინეს. გია უდესიანი ბრალსაც უარყოფს და ბესო ხარძიანის მკვლელობასთან კავშირსაც.
მოკლულის ოჯახი ბესო ხარძიანის ერთადერთ მტრად უდესიანს და მის ნათესავს, რეზო ქურასბედიანს ასახელებს.
ციხეში ახლა მხოლოდ "კილერი" ზის, დამკვეთი თუ დამკვეთები მან უნდა დაასახელოს. უნდა თქვას ისიც, რა ფასად მოკლა ბესო ხარძიანი.