1744741422
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.
პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღონ შემოწირულება.
მომხსენებლის ინფორმაციით, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს სსიპ ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს.
როგორც ირაკლი კირცხალიამ განმარტა, შესაბამისი თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, კერძოდ: თუ პირი შესაბამისი თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ის დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
მისი თქმით, მთავრობის თანხმობას არ დაექვემდებარება საქართველოს საზღვრებს გარეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემული ინდივიდუალური სტიპენდია და გრანტები. ასევე, საერთაშორისო სპორტული ასოციაციის ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემა.
"მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულობის მიღებას იურიდიული პირისგან, თუმცა საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, რომ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და რადიკალური ოპოზიციის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეში მხარდაჭერა და დაფინანსება შენიღბოს ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით, რისი ნათელი მაგალითიც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, უცხოურ და ქართულ იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების ჩატარების დაფინანსება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ.
საკანონმდებლო პაკეტით დარეგულირდება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი.
ირაკლი კირცხალიას განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემ სუბიექტთა ფართო წრეს ითვალისწინებს მათ შორის, უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მის წარმომადგენლობებს, აგრეთვე, საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
"ვინაიდან გრანტი, თავისი ბუნებით, გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისა და კიდევ უფრო განტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე ინფორმაციით, "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, მოახდენს იმის პრევენციას, რომ ე.წ. ჰუმანური მიზნით შენიღბული გრანტის თანხებით, გარე ძალებმა ვერ შეძლონ ჩვენს ქვეყანაში დააფინანსონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, მთავრობის თანხმობა არ იქნება საჭირო იმ გრანტებზე, რომელიც უცხოეთში სწავლა-განათლების მიღებას ან საქმიანობას ეხება.
"გთავაზობთ არსებობდეს კანონში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თუ თავისი შინაარსით, საქართველოში პირის მიერ მიღებული სახრსები არის გრანტი, რომელიც საჭიროებდა თანხმობას - ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაამოწმოს ასეთი სახსრები და თუ დადასტურდება ეს ყველაფერი როგორც გრანტი, მაშინ დაიწყოს ის პროცედურა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივით არის შემოთავაზებული და რომელიც მოჩვენებითი გარიგებებისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრას გულისხმობს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
"როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის სუვერეტიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, ეროვნულ იდენტობაზე, აუცილებელია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, პრევენციული კუთხით, საკანონმდებლო ბაზაში იქნას იმპლემენტირებული ისეთი კანონები, რომლებიც მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველო იმყოფება", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.