იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის სტრუქტურის შესაქმნელად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს.

მისივე თქმით, აღნიშნული სტრუქტურა შეიქმნება მთავრობის ადმინისტრაციაში და ამისთვის მას მიენიჭება აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სსიპ-ების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა კონტროლის ხელშეწყობის ფუნქცია.

„დღესდღეობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს მინიჭებული მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქცია. აღნიშნული უფლებამოსილებით, მთავრობის ადმინისტრაცია სარგებლობს მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კანცელარია გაიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციად და საქართველოს მთავრობის კანცელარიად. ამ პერიოდისათვის მთავრობის კანცელარიის უფლებამოსილებები არსებითად განპირობებული იყო მთავრობის კონსტიტუციური სტატუსით და გულისხმობდა მხოლოდ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლის ხელშეწყობას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ნაწილი თავმოყრილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ხელში, დღესდღეობით კონსტიტუციური რეფორმის შედეგად, როდესაც მთავრობა ჩამოყალიბებულია უკვე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო - მთელი რიგი აღმასრულებელი გადაწყვეტილებები დაკავშირებულია მთავრობის პოლიტიკასთან ამიტომ, მნიშვნელოვანია მთავრობის ჩართულობა და მთავრობის ადმინისტრაციის მეშვეობით, ამ გადაწყვეტილებების ხელშეწყობა“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.