როდესაც ვუსმენდი ქალბატონ ურსულა ფონ დენ ლაიენს, მეგონა, ჩვენ ვლაპარაკობდით ჩვენს "გამჭვირვალობის კანონზე" - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი უცხოური ქვეყნების ზეგავლენისგან ევროკავშირის დაცვის აუცილებლობის შესახებ ურსულა ფონ დენ ლაიენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი სწორედ იმ სიტყვებით საუბრობდა, რითაც მმართველი გუნდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის აუცილებლობაზე საუბრობს.

მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ევროკავშირს სჭირდება მსგავსი დაცვა, განსაკუთრებით ესაჭიროება ის საქართველოს, რომელსაც არც "მილიონობით ჯარი" იცავს და არც "მილიარდობით ეკონომიკა".

"როდესაც ვუსმენდი ქალბატონ ურსულა ფონ დენ ლაიენს, მეგონა, ჩვენ ვლაპარაკობდით ჩვენს "გამჭვირვალობის კანონზე". ერთი ერთში საუბრობდა, რომ ევროპისთვის უსაფრთხოება და უცხო ქვეყნების ზეგავლენისგან დაცვა არის აუცილებელი. ერთადერთი - სიტყვა "ევროპა" ამოიღოს, ჩასვას "საქართველო" და ნახავს, რომ იგივე კანონია მიღებული საქართველოში.

თუ ქალბატონი ურსულა ფიქრობს, რომ ევროკავშირს სჭირდება უსაფრთხოება და დაცვა უცხო ქვეყნებისგან (არამხოლოდ რუსეთისგან, მას არ უთქვამს, მხოლოდ რუსეთისგანო), რომელსაც იცავს მილიონობით ჯარი და მილიარდობით ეკონომიკა, საქართველოს არც მილიონობით ჯარი, ანუ NATO არ იცავს და არც მილიარდობით ეკონომიკა - ევროკავშირის ქოლგა. მაშინ, მით უფრო საჭირო ყოფილა უსაფრთხოება საქართველოში, ქალბატონი ურსულას ლოგიკით,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ფონ დერ ლაიენმა დანიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული დემოკრატიის დასაცავად, საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოური ჩარევების წინააღმდეგ. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ის შექმნის "ევროპული დემოკრატიის ფარს", რათა უცხოურ ჩარევებს შეებრძოლოს.