1728312638
პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მოვა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება - შალვა პაპუაშვილი
პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება არის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე. სხვა შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წლიური ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარუდგინოს. აღნიშნული თარიღი რეგლამენტით არის განსაზღვრული. რეგლამენტში ნათქვამია, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლი წლიური ანგარიში იქნება.