საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
სულიერების კრიზისი მეტ-ნაკლებად არის სამყაროში და მას გარკვეულწილად ტექნოლოგიებიც უწყობენ ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე დასაფიქრებელია.
„ევროპის ადამიანის უფლებების თანამედროვე გაგებაზე როცა ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ვსაუბრობთ ადამიანზე, ინდივიდზე. ადამიანი და ინდივიდი არის სწორედ ქრისტიანობის ამომავალი წერტილი. აქ არის მთავარი თანხვედრა ქრისტიანობისა და თანამედროვე ევროპული კულტურისა და ჩვენ ვხედავთ, რომ ამას ექმნება საფრთხე. ინდივიდი რაღაცნაირად ზავდება მასაში, აღარ ჩანს მისი განსაკუთრებულობა, მას ანაცვლებს სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებები. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არის ნაწილი განვითარებისა, მაგრამ ადამიანების, ინდივიდების სულიერებასაც უნდა მიექცეს ყურადღება. ამ მხრივ პატრიარქის ეპისტოლე დასაფიქრებელია ყველა ამ მიმართულებით, ვინაიდან ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყონ ადამიანს და არა, ჩაანაცვლოს ისე ადამიანი, რომ მას ღირებულება დაეკარგოს. მთავარი ღირებულება და ფასეულობა სამყაროში არის ადამიანი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა განაცხადა, რომ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, თავისი შესაძლებლობებისამებრ, ჰმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის.
ტექნოლოგიებზე საუბრისას კი უწმინდესმა აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.