ნებისმიერი ასეთი „ფერადი რევოლუცია“ ყველგან გარედანაა მხარდაჭერილი. ჩვენ უნდა ველოდოთ მეთოდების შეცვლას - ეს არის ძალიან საფრთხილო თემა და დიდი სიფხიზლე გვმართებს - სოსო მანჯავიძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე

სოსო მანჯავიძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე

4 ოქტომბრის მოვლენები იყო ტრაგი-კომიკური ფარსი. ისე მოაბრუნეს სიტუაცია, მერე ღობეები დაადანაშაულეს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ.

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მორიგ მცდელობებს, რომელიც გარედან იქნება მხარდაჭერილი, მანჯავიძემ განაცხადა, „რა თქმა უნდა“.

„ნებისმიერი ასეთი „ფერადი რევოლუცია“ ყველგან გარედანაა მხარდაჭერილი და დაფინანსებული. ჩვენ უნდა ველოდოთ მეთოდების შეცვლას და უნდა ველოდოთ რადიკალურ ნაბიჯებს. ეს არის ძალიან საფრთხილო თემა და დიდი სიფხიზლე გვმართებს.

სანამ არის გეოპოლიტიკური დაძაბულობა ჩვენს რეგიონში, სანამ არ დამყარდება ახალი დიდი ზავი გლობალურ აქტორებს შორის, მუდმივად იქნება საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობები“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი.

თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.