1760793040
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ამ ბრალდებით, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მოსამართლემ არ გაიზიარა ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატის პოზიცია. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის გარდა, პროკურატურამ ბრალი კიდევ 15 პირს წარუდგინა.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ის ვიდეომასალაც წარმოადგინეს, სადაც დაკავებული პირების მიერ 4 ოქტომბერს ჩადენილი კანონდარღვევებია ასახული.
პროკურატურამ სასამართლოს 15 ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. თუმცა გამონაკლისი გახდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში ბრალდებულის, მარიამ მეყანწიშვილის შემთხვევა, რადგან ამ კონკრეტულ საქმეზე პროკურატურამ პატიმრობის ნაცვლად, გირაო მოითხოვა.
ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება - სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ამ დანაშაულების დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.
პოლიციამ, 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჯამში 62 პირი დააკავა. პატიმრობაში იმყოფება აქციის 5 ორგანიზატორიც. ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების ფონზე, შესაძლოა ბრალდებულ პირთა წრე კვლავ გაფართოვდეს.