1760793040
„დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ - ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება

პლასტმასის დანები, ჩანგლები, თეფშები და სხვა ნივთები მაღაზიების დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება. მომხმარებლებს, მათ ნაცვლად, ალტერნატიული, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული პროდუქცია დახვდებათ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 3-იდან 6 000 ტონამდე პლასტმასის პროდუქტი გამოიყენება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ გამოწვევად რჩება.
საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტმასის მასალის გამოყენების შეზღუდვის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტროა.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგულაციებს მიესალმებიან გარემოს დამცველებიც. მათი თქმით, ყველაზე მეტად დაბინძურებულია ტურისტული ზონები, ტყეები, მდინარეები და საპიკნიკე ადგილები. ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მავნე ნივთიერებები საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსა და ზღვის ეკოსისტემას.
მანამ, სანამ ქვეყანა ახალ რეგულაციებს მიიღებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას ატარებს. მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ბიზნესთან, გარემოს დამცველებთან და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან შედგა.
მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას ბიზნესი უკვე იწყებს. მეწარმეებმა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პლასტმასის ნაწარმის იმპორტი და ადგილობრივი ბაზრებისთვის მიწოდება აიკრძალება, ხოლო წარმოება მხოლოდ ექსპორტისთვის იქნება ნებადართული. კომპანიები უსაფრთხო ალტერნატივებზე გადადიან - ხე, ბამბუკი და ქაღალდი, მათ შორის ყველაზე პოპულარული მასალებია. დაგეგმილია თანამშრომლების გადამზადებაც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა. ინიციატივის მიხედვით, საქართველოში აიკრძალება პლასტმასის დანების, თეფშების, ჩხირების, ჭიქების და მათი თავსახურების გაყიდვა.
ახალი რეგულაციების დანერგვის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და გარემოს, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურების ხარისხის შემცირება. ცვლილებები ქვეყანაში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.