მიხაელ როთს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვუხსნიდი, რომ ჩვენგან რუსეთის მიმართ ესკალაციის მოთხოვნა არის არაკეთილსინდისიერი, ვინაიდან ამას მოჰყვება სისხლი, მისი პასუხი იყო, რას იზამ, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთო - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები ასე ძალიან გულადები რომ არიან ხოლმე ლაპარაკში, კარგად და თბილად არიან ატომური ქოლგის ქვეშ, მათ ტერიტორიაზე ერთი ჩიტიც რომ შეფრინდეს მათ დაუკითხავად, თავად თითის გატოკებაც არ მოუწევთ, რადგან დაცული არიან ნატო-ს ატომური ქოლგით, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილი მიხაელ როთთან ერთ-ერთ საუბარს იხსენებს.

"ზუსტად არის დათვლილი, რა ზიანს მიიღებდა საქართველო, ჩვენ რომ სანქციები დაგვეწესებინა. ეს იქნებოდა ეკონომიკის 18-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. გვექნებოდა 2.5 ჯერ უფრო მეტი ეკონომიკური ვარდნა, ვიდრე ეს "კოვიდის" დროს იყო, როცა მთელი საქართველო სახლში ვიჯექით ჩაკეტილი. რომ ვეკითხებოდით, ეს რომ მოხდეს, რამე გარანტიებს გვაძლევთ ეკონომიკურს, არა, არ გვაძლევდნენ. მაშინ, რატომ? თუკი თქვენ დაფარული ხართ ბირთვული ქოლგით, ევროკავშირის ფინანსებით, ერთმანეთის სოლიდარობით და დახმარებით, ჩვენ, ნატო-ს არაწევრ ქვეყანას რა სინდისით გვთხოვთ, რომ ისევე გავრისკოთ ჩვენი ხალხით, როგორც თქვენ შეიძლება, რისკავთ, იმიტომ, რომ დაფარული ხართ ამ ატომური ქოლგით, პასუხი იყო აი, მიხაელ როთს გავიხსენებ. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, რომელიც შარშან, თუ შარშანწინ შედგა, ვსაუბრობდით ზუსტად ამაზე და კიდევ ერთხელ ვუხსნიდი, ეს სანქციების მოთხოვნა და ასე შემდეგ, არის არაკეთილსინდისიერი საქართველოს მიმართ, ვინაიდან ქვეყანას, რომელიც ომს აწარმოებს, დედაქალაქიდან 30 კმ-ში, მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში განთავსებული ჰყავს სამხედროები, საკუთარი არმია და ამ პირობებში ჩვენგან რუსეთის მიმართ ესკალაციის მოთხოვნა არის არაკეთილსინდისიერი, ვინაიდან ამას მოჰყვება სისხლი, ცრემლი და ა.შ. მისი პასუხი იყო – რას იზამ, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. აი, ეს იყო მიხაელ როთის პასუხი. ამ შეხვედრას სხვათა შორის, ესწრებოდა გერმანიის ელჩი, ესწრებოდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელი და გაფართოებული თვალებით უყურებდნენ, რას ლაპარაკობდა ეს ადამიანი. აი, ასეთი თავქარიანი ადამიანები დადიოდნენ გლობუსის გარშემო და დღეს სად არის მიხაელ როთი ხომ ვნახეთ, აღარც ბუნდესტაგშია, აღარც პოლიტიკაში, არის თავისთვის სადღაც თბილად სავარძელში, უყურებს ტელევიზორს, ერთ-ორ პოსტს დაწერს ხოლმე და წუწუნებს ამა თუ იმ ქვეყნის ბედზე", – განაცხადა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას.