1783194884
გია აბაშიძე: მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, მრავალვექტორული გეოპოლიტიკის გაგრძელებაა - დაბალანსდება არაერთი ქვეყნის ინტერესები, რაც განამტკიცებს ანაკლიის ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას
„მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, მრავალვექტორული გეოპოლიტიკის გაგრძელებაა - დაბალანსდება არაერთი ქვეყნის ინტერესები, რაც განამტკიცებს ანაკლიის ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას“, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი განმარტებით, ტერმინი „ლენდლორდი“ ინგლისურად სახლის ან მიწის მესაკუთრეს ნიშნავს. საპორტო სფეროში ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელია. ასე მუშაობენ, მაგალითად, როტერდამის ან ჰამბურგის ნავსადგურები.
„საქართველოს სახელმწიფო ხდება „სახლის პატრონი“: მიწა, ნავსადგური და ძირითადი ინფრასტრუქტურა ქვეყნის საკუთრებაში რჩება. სახელმწიფო თავად აშენებს პორტის „ჩონჩხს“. მონოპოლიის ნაცვლად - მრავალფეროვნება: ნაცვლად იმისა, რომ მთელი პორტი ერთ კომპანიას ან ქვეყანას გადაეცეს, სახელმწიფო სხვადასხვა ტერმინალს ("ოთახებს") ცალ-ცალკე მიაქირავებს სხვადასხვა დაინტერესებული ქვეყნის ოპერატორებს.
მთავარი პლუსია ის, რომ მცირდება ერთი კონკრეტული ინვესტორისგან გამოწვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური რისკები და პორტში ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის ტვირთი და ინტერესი შემოდის.
როცა უცხო ქვეყანას საქართველოს პორტში საკუთარი ტერმინალი აქვს, მას მოტივაცია უჩნდება, რომ თავისი ტვირთნაკადიც იქით მიმართოს. რამდენიმე ქვეყნის ჩართვა პორტს მუდმივ მუშაობას უზრუნველყოფს.
ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ანაკლიაში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის” მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საუკეთესო პირობებს შექმნის“, - წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.











