1783196706
ონიანი-ჯანგველაძის კლანის შეკრების დეტალები, რომელზეც „კრიმინალური ავტორიტეტი“ ლაშა შუშანაშვილი არ მივიდა - დაკავებულია 12 პირი
ონიანი-ჯანგველაძის კლანის შეკრება, რომელზეც „კრიმინალური ავტორიტეტი“ ლაშა შუშანაშვილი არ მივიდა, წარუმატებლად დასრულდა და დაკავებებით გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ოპონენტების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმის მცდელობას უკავშირდებოდა, თუმცა პროცესი კრახით დასრულდა.
გავრცელებული ცნობით, ამ დიდი მიზნისთვის, კლანის ლიდერები, ტარო და მერაბი პირადად ჩავიდნენ საბერძნეთში, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, და ლაშა შუშანაშვილი ოფიციალურად დაიბარეს შეხვედრაზე.
მერაბის გარდა, ტარიელის გარემოცვაში შედიოდნენ მასთან განუყრელი ლევან აბულაძე და ჟორა ნავერიანი, ასევე ახლახან ვენაში დამკვიდრებული ახმედ სუტული, მამუკა ონიანი (რომელიც ტაროს ძმისშვილია), იკა დანელია, ბაჩუკა ფაჩულია და ვატია.
ჩასვლისთანავე ტარიელმა ლაშას მეთაურობით მყოფ ჯგუფს შეუთვალა: „დაპირისპირება გინდათ თუ შერიგება, მე აქ ვარ!“ შეხვედრა სალონიკში უნდა შემდგარიყო, თუმცა ლაშა შუშანაშვილი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მედია წერს, რომ ტარომ შეხვედრა მხოლოდ „თავასთან“ და ზაზა ამბროლაძესთან მოახერხა.
იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა შედგებოდა, მეზობელ რეგიონში მობილიზებულნი იყვნენ ტარიელის მხარდამჭერი „ქურდები“: ციკო, ჟორჟიკიჩი, ჩინკა, ენცო, ბესო, ჩუტო და სხვები.
ივნისის ბოლო დღეებში 12 მათგანი სამართალდამცველებმა დააკავეს.
ამასთანავე, შეხვედრაზე იგეგმებოდა 69 წლის სოხუმელი ყოფილი „ქურდის“, ბუთხუზ კოხრეიძისთვის სტატუსის აღდგენა, რომელიც მან 30 წლის წინ დაკარგა.
თუმცა მისიის სრული კრახის გამო, ეს საკითხიც და კლანებს შორის შეთანხმების მცდელობაც განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.












