ევროპული ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვართ, გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ევროპული ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმედი გვაქვს, საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში გერმანიის პოზიციამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

„90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანელ მეგობრებს, პირადად ბატონ კანცლერს თავისი მხარდაჭერისთვის. ვიცით, რომ გერმანიის პოზიციამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა შესაბამისი გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

დიდი იმედი გვაქვს, საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება ყველა კუთხით, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. დღეს საუბარი გვქონდა თანამშრომლობის ყველა სფეროზე – პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილება მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, დარწმუნებულიც ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.