ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, ფეიკ ნიუსის გავრცელება პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის - ბექა დავითულიანი დანიის ელჩის განცხადებაზე

ბექა დავითულიანი

„სამწუხაროდ საქართველოში აკრედიტირებულ ზოგიერთ დიპლომატს ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა. ის ელჩია, მან უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია მას იმოქმედოს ამ ქვეყანაში“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი დანიელი დიპლომატის განცხადებას, სადაც ელჩმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

ბექა დავითულიანის თქმით, ელჩის ეს განცხადება არ არის გადაცდომა, არამედ მისი მხრიდან ეს არის მიზანმიმართული ქმედება პოლარიზაციის გაღრმავებისთვის.

„ეს გადაცდომა არ არის. ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, ფეიკ ნიუსის გავრცელება პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის. მე მგონია, რომ სხვა ქვეყნის ელჩს საქართველოში ამის არც უფლება აქვს და არც არავინ ეკითხება. ალბათ დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს და მოსთხოვს განმარტებებს და მან უნდა ახსნას, რატომ აძლევს თავის თავს უფლებას ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთოს“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.