საქპატენტში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სასწავლო პროგრამას 10 ქვეყნის წარმომადგენელი გაივლის, სწავლებას ქართველ სპეციალისტებთან ერთად ვარშავისა და ალიკანტეს უნივერსიტეტების პროფესორები გაუძღვებიან

საქპატენტი

საქპატენტში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) თანამშრომლობით, მიმდინარეობს გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სპეციალიზებული სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამა, რომელშიც 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და განვითარების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილებისა და საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული როლის გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ ქვეყანას, სადაც WIPO-ს აკადემიის ფარგლებში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ერთობლივ სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამას ყოველწლიური ხასიათი აქვს და წელს უკვე მეათედ ტარდება.

ღონისძიება გახსნა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. მისასალმებელ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისათვის, ასევე აღნიშნული მიმართულებით საქართველოში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების მნიშვნელობას. სოსო გიორგაძემ მადლობა გადაუხადა WIPO-ს აკადემიას მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და პროგრამის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

სასწავლო პროგრამა მოიცავს გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი და ინსტიტუციური დაცვის, სპეციფიკაციების შემუშავებისა და კონტროლის მექანიზმების, აღსრულებისა და უფლებათა დარღვევის საკითხებს, აგრეთვე გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და სასაქონლო ნიშნებს შორის ურთიერთმიმართებას. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო დაცვის სისტემებსა და პრაქტიკულ მექანიზმებს, მათ შორის WIPO-ს ლისაბონის სისტემას და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიდგომებს.

კურსის ფარგლებში მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ საერთაშორისო და აკადემიური წრეების წამყვანი ექსპერტები, მათ შორის, ალიკანტეს უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორები, WIPO-სა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ექსპერტები, ასევე საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროგრამის ქართული კომპონენტი მოიცავს საქპატენტის, Origin Georgia-ს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა მოხსენებებს საქართველოს გამოცდილების, გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების, მათი პოტენციალის გამოვლენისა და საზღვარზე აღსრულების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.

საერთაშორისო სასწავლო კომპონენტთან ერთად, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ უშუალოდ ადგილზე გაეცნონ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის პრაქტიკულ ასპექტებს. ამ მიზნით, პროგრამის მონაწილეები კახეთის რეგიონში დაათვალიერებენ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მიკროზონებსა და გაეცნობიანადგილწარმოშობის დასახელებებით დაცული ქართული ღვინის სახეობების დამზადების პროცესებს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ WIPO-სა  და საქპატენტის ერთობლივი სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

საქპატენტისთვის აღნიშნული პროგრამის საქართველოში განხორციელება წარმოადგენს საერთაშორისო პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის მნიშვნელოვან მექანიზმს. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის საერთაშორისო პროფესიულ წრეებში წარმოჩენასა და ადგილობრივ ბუნებრივ პირობებსა და ტრადიციებთან დაკავშირებული ქართული პროდუქციის რეპუტაციისა და ცნობადობის გაზრდას.