„დღის წესრიგშია ყველა იმ ბერკეტის გამოყენება, რომელიც ამ ხელისუფლებას დაასუსტებს“ - რა გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“

roman gociridze

გადაწყვეტილება მიღებულია - „მთავარი არხის“ ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“, პროტესტის ნიშნად,  საპარლამენტო მანდატებს არ თმობს.  

როგორც „პრაიმტაიმს“ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მისივე თქმით, ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტიდან გასვლა, თავად ამ პარტიას დააზიანებსა და მის მარგინალიზაციას გამოიწვევს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტიდან გასვლა დღის წესრიგში არ დგას. უბრალოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით,  არსებობს განსხვავებული პოზიცია, რაც ამა თუ იმ დეპუტატის კერძო აზრია. შემდეგ რა იქნება, ეს დამოკიდებულია, როგორ განვითარდება მოვლენები. დღის წესრიგში დგას ყველა იმ ბერკეტის გამოყენება, რომელიც ამ ხელისუფლებას დაასუსტებს. კერძოდ, აქციები, საერთაშორისო ბერკეტებისა და პარლამენტის გამოყენება. ინდივიდუალურად პარლამენტიდან რომელიმე პარტიის გასვლა, თავად ამ პარტიას დააზიანებს და მის მარგინალიზაციას გამოიწვევს“,- განაცხადა გოცირიძემ. 

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნის მიზნით,  საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის დატოვების მომხრეა. როგორც ოპოზიციონერთა ნაწილი აცხადებს, მათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, პარლამენტში მუშაობა არ უნდა გააგრძელონ.