პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში მომხდარი ომის დანაშაულებების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა - ამ სათაურით რეზოლუცია ევროპარლამენტმა მოამზადა. დოკუმენტში საუბარია რუსეთის ისეთ ქმედებებზე, რომელიც ყველა საერთაშორისო ნორმას არღვევს.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა სათანადო ორგანოს, დაეხმაროს უკრაინას დანაშაულებების გამოძიებასა და პუტინის რეჟიმის დასჯაში, ვინაიდან ევრო კანონმდებლების შეფასებით სწორედ ვლადიმერ პუტინია ყველა დანაშაულზე პასუხისმგებელი პირი.
„ადამიანები, რომლებიც ჩადიან სისასტიკეებს უკრაინაში უნდა იყვნენ პასუხისგებაში ამ დანაშაულებისთვის. კომისიის მიზანია, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები იყოს გამოძიებული და დამნაშავეებს დაეკისროთ შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ასევე გვაქვს კონტაქტი უკრაინის იუსტიციის მინისტრთან და პროკურორთან, რათა ვნახოთ რას მოითხოვს უკრაინის ხელისუფლება, სისხლის სამართლის გამოძიების ჩასატარებლად. მოხარული ვარ, რომ 11-მა წევრმა ქვეყანამ ასევე დაიწყო გამოძიება უკრაინაში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით. Euro Just-მა ასევე გააძლიერა თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რომელიც ახლა სრულად არის ჩართული ერთობლივი გამოძიების ჯგუფში, რაც პირველი შემთხვევაა სასამართლოს ისტორიაში,” - განაცხადა ევროკომისარიმა იუსტიციის საკითხებში, დიდიე რეინდერსმა.
ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო პასუხისგებაში უნდა მიეცენ და გასამართლდნენ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ.
„ამ აღმაშფოთებელი დანაშაულებისთვის არამხოლოდ ჯარისკაცები უნდა დაისაჯონ, არამედ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ლიდერები და სამხედრო მეთაურებიც, ისევე როგორც მათი მოკავშირეები. ასევე, პრეზიდენტი პუტინი და მისი რწმუნებული ლუკაშენკო პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და გასამართლდნენ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ. ამიტომ მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით ევროკომისიას, მხარი დაუჭირონ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე შექმნას ასეთი ტრიბუნალი და რაც შეიძლება მალე იყოს უზრუნველყოფილი ყველა საჭირო რესურსი და მხარდაჭერა ამ ტრიბუნალის შესაქმნელად. არ გაიმეოროთ ისტორიის შეცდომები," - ამბობს რასა იუკნევიჩიანე.