დავით მათიკაშვილი: თუ პარლამენტის წევრებს სახლში პროდუქტი ვერ მიგვიტანია ისე, რომ დეკლარაციაში არ აისახოს, პარტიებთან შერწყმული მდიდარი „ენჯეოები“ რა არსით უნდა არიდებდნენ თავს შემოსავლების და ხარჯის დეკლარირებას?!

დავით მათიკაშვილი

თუკი ჩვენ, პარლამენტის წევრები მაღაზიაში ვერ შევსულვართ და სახლში პროდუქტი ვერ მიგვიტანია ისე, რომ დეკლარაციაში არ აისახოს, ის მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც არსებითად არიან შერწყმულები რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან, პოლიტიკაში მათი მონაწილეობის ხარისხი არის ძალიან მაღალი, რა აზრით და არსით უნდა არიდებდნენ თავს დეკლარირებას საკუთარი შემოსავლების და ხარჯების?! - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი იძლევა თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თავის არიდების საშუალებას, რადგან მათ უკვე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კანონს არ დაემორჩილებიან.

„კანონი არის ცალსახა, არის საკმაოდ გასაგებად დაწერილი და ერთადერთი ვალდებულება ყველას [არასამთავრობოებს] გააჩნია - საკუთარი ხარჯების დეკლარირება. ყველა პოლიტიკური აქტორი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ავანსცენაზეა წარმოდგენილი, ვალდებულია საკუთარი შემოსავლები და ხარჯები გაასაჯაროოს. პარტიების შესახებ კანონი არის ბევრად მკაცრი, ვიდრე გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. კანონი ავალდებულებს პარტიას ხუთი თეთრიც რომ დახარჯოს, მყისიერად დაადეკლარიროს. თუკი ჩვენ, პარლამენტის წევრები მაღაზიაში ვერ შევსულვართ და სახლში პროდუქტი ვერ მიგვიტანია ისე, რომ დეკლარაციაში არ აისახოს, ის მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც არსებითად არიან შერწყმულები რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან, პოლიტიკაში მათი მონაწილეობის ხარისხი არის ძალიან მაღალი, რა აზრით და არსით უნდა არიდებდნენ თავს დეკლარირებას საკუთარი შემოსავლების და ხარჯების?! ეს იქნება მათი ვალდებულება და ყველას მოუწევს ამ ვალდებულების შესრულება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.