1728312638
„დავაინიცირებთ ცვლილებებს, რომელიც რელიგიური ნაგებობისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაამკაცრებს“ - ანრი ოხანაშვილი
„ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს, მაგალითად: მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გუშინ მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია.
„ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია საზოგადოებისთვის სასულიერო მნიშვნელობის მქონე ადგილას, ეკლესიაში, ასეთი არაქრისტიანული ქცევა და, ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების სერიოზულ და რეალურ საფუძველს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ეს ანტიეკლესიური და პროვოკაციული ქმედება საჯაროდ მოწონებული და მხარდაჭერილია ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების მხრიდან, რაც ახალისებს რელიგიური ნიშნით სხვადასხვა მძიმე ქმედების ჩადენას. ამას ისიც ემატება, რომ ცალკეული პირები გამოჩნდნენ, რომლებიც თავს მართლმადიდებელ სასულიერო პირებად მოიხსენიებენ და საჯაროდ გამოდიან მოწოდებით: სამების ტაძრიდან შესაბამისი ხატის „გამოთრევით და მისი საჯაროდ დაწვით“.
რელიგიური ნიშნით ასეთი ძალადობრივი მოწოდებები, რა თქმა უნდა, არაქრისტიანულია და შეურაცხყოფს ჩვენს ეკლესიას, ისევე როგორც არის მძიმე პროვოკაციის შემცველი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ქცევა და მოწოდებები შეურაცხმყოფელი და სამართლიანად აღმაშფოთებელია ნებისმიერი რელიგიისა და მისი წარმომადგენლების მიმართ!
ამიტომ ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების სათანადოდ დაცვა, რათა არ დავუშვათ არცერთი რელიგიის შეურაცხყოფა!“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მართალია, სამების ტაძარში მომხდარი ფაქტი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა ის პროპორციული არ არის
„ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა. შევისწავლით საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას მოვახდენთ.
ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლებივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, მაგალითად: გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.
ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ ტაძრების შეურაცხყოფა და თავიდან ავიცილოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.