"დადონ დამადასტურებელი ფაქტი, რომ გვერდიგვერდ დგანან ბუბუტეიშვილი და ვაშაძე და მერე შეიძლება, რაღაცაზე ვისაუბროთ" - ჰერმან საბო

ჰერმან საბო

ოპოზიციის აქტივისტის სკანდალური აღიარება კვლავ შეფასებების საგანია პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი ბუბუტეიშვილისა და ვაშაძის კავშირის დამადასტურებელ ფაქტებს ითხოვს.

"სამართლებრივ სფეროში, ერთი ადამიანის სიტყვა არაფერს არ ნიშნავს, თუ ის არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. დადონ დამადასტურებელი ფაქტი, რომ გვერდიგვერდ დგანან ბუბუტეიშვილი და ვაშაძე და მერე შეიძლება, რაღაცაზე ვისაუბროთ. იქამდე, ადამიანი, რომელიც ციხეში იჯდა, სადაც უამრავი ზეწოლის მეთოდი და გზა არსებობს, მის ნათქვამს ასე ავტომატურად დავუჯეროთ, ეს სწორი არ იქნება სამართლებრივად," - აცხადებს "გირჩის" წევრი ჰერმან საბო.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა. კერძოდ, ნივთი რომლითაც მან მეხანძრე-მაშველს დაზიანება მიაყენა, მისივე განმარტებით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მითითებით ისროლა. "მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო," - აცხადებს ბუბუტეიშვილი და უკმაყოფილებას არ მალავს იმით, რომ ვაშაძემ ის მიატოვა.