"არ შეგვიძლია შავი ზღვის ქვეყნად ყოფნის პასუხისმგებლობა უგულებელვყოთ" - თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინა-თურქეთის კრიზისზე

თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ოფიციალური მოსკოვი რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების გამო გააკრიტიკა და საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ მოუწოდა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მიუღებელია“, - თქვა ერდოღანმა, რომელიც ამჟამად, სენეგალში იმყოფება. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

"დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, იმოქმედონ საღი აზრით და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად." - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანი, რომელსაც მეგობრული კავშირი აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან, ცდილობდა დაძაბულობის შესამსუბუქებლად ორივე ქვეყნის ლიდერებს თურქეთში გამართულ სამმხრივ სამიტზე გამასპინძლებოდა.

ის ამ თვის დასაწყისში კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეწვია, რომელიც ედოღანმა დადებითად შეაფასა. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ერდოღანი მისი პოზიციის დაფიქსირებას ელოდა.

"და, თუ ბატონი პუტინი ამას დადებითად შეხედავს, ჩვენ შეგვიძლია, შევიკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში“, - თქვა ერდოღანმა გასულ კვირას.

როდესაც ერდოღანი სენეგალში DR კონგოდან მიფრინავდა, ბორტზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებული კრიზისის ფონზე თურქეთი პრევენციულ "ზომებს" მიიღებს.

"ჩვენ არ შეგვიძლია შავი ზღვის ქვეყნად ყოფნის პასუხისმგებლობა უგულებელვყოთ“, - თქვა მან.

მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა, მათ შორის სირიაში, თურქეთს აქვს მზარდი სავაჭრო და თავდაცვითი კავშირები მოსკოვთან, დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად, ყიდულობს რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემა S-400-ებს.

იმავდროულად, თურქეთმა, რომელიც  1952 წლიდან NATO-ს წევრია, რუსეთის რისხვა უკრაინისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიყიდვის გამო გამოიწვია.

ერდოღანი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ 2014 წელს, ყირიმის ანექსიას ნახევარკუნძულზე ისტორიულად ეთნიკურად თურქი თათრების ყოფნის გამო.