6 თვის შემდეგ პარტიაში ჩატარდება როგორც შიდა პრაიმერისები, ასევე შიდა არჩევნები, ეს არის 6 თვიანი ციკლი ამ პროცესის მოსამზადებლად და კი, ამ დემოკრატიულ ტესტს ჩავაბარებთ - ლაშა ფარულავა

ლაშა ფარულავა

დაპირისპირების და შიდა პარტიული კრიზისის ფონზე, გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას, თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ მსჯავრდადებული ექს-პრეზიდენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებისკენ იხრება, რაც მისი შეფასებით, კანონის დარღვევაა.

გუშინ სააკაშვილმა დროებითი მმართველობის და რეფორმატორთა საბჭოს შექმნა დააანონსა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

მმართველობის ეს მოდელი გაუგებარია პარტიის წევრების ნაწილისთვის, მათ კითხვები აქვთ საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც, რომლებიც სააკაშვილის გადაწყვეტილებით მათ შორის ახალი სახეები უნდა იყვნენ. "ნაცმოძრაობის" ყრილობა ივლისის ბოლოს გაიმართება.

„6 თვის შემდეგ ამ პარტიაში ჩატარდება როგორც შიდა პრაიმერისები, ასევე შიდა არჩევნები და ეს არის 6 თვიანი ციკლი ამ პროცესის მოსამზადებლად. და კი, ჩვენ ამ დემოკრატიულ ტესტს კეთილსინდისიერად ჩავაბარებთ. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ვიღაცებისთვის არის მიუღებელი, მაგრამ ჩემთვის პირადად მიუღებელია პარტიის შიგნით თანამდებობისთვის ბრძოლა. მიუხედავად იმისა, კარი ღიაა, შეიძლება ეს კონკურენცია ვიღაცისთვის იყოს რაღაც ტიპის პრობლემა. აქ არ არის საუბარი ვის სწყინს, ვინ არ არის წინააღმდეგი", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.